Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: მოსამართლის დაუსაბუთებლად სანქცირება კონსტიტუციის უხეში ხელყოფაა

ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, კონსტიტუციის უხეში ხელყოფაა, როცა დაუსაბუთებლად ხდება მოსამართლეთა სანქცირება. მან ჟურნალისტების კითხვის პასუხად კიდევ ერთხელ შეაფასა აშშ-ის გადაწყვეტილება, სავიზო სანქცია დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის მიმართ.

"უცხო ქვეყნიდან ქართველ მოსამართლეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე როცა ასანქცირებენ, ეს პირდაპირ ნიშნავს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპში ჩარევას, რაც ძალიან უხეში ქმედებაა. ჩვენ ამაზე გვქონდა რეაქცია და მომავალშიც აუცილებლად გვექნება.

მტკიცებულების გარეშე როცა გისანქცირებენ მოსამართლეებს, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის, კონსტიტუციის უხეში ხელყოფა. ამის უფლებას საკუთარ თავს არავინ უნდა აძლევდეს. ჩვენ საკუთარ თავს ამის უფლებას არ ვაძლევთ და ნუ დაგვიბრუნებენ საქართველოში იმას, რაც 2012 წლამდე იყო, ახლა უკვე ქვეყნის გარედან", - თქვა კობახიძემ.

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სანქცირების საკითხზე ილაპარაკა გუშინაც, 13 ივლისს, ფეისბუკის პირდაპირ ეთერში დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემისას.

"სანქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და როცა არსებობს საკმარისი სანდო ინფორმაცია, მაშინ ხდება სანქციების დაწესება. თქვენ გახსოვთ შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სავიზო სანქციები 4 ქართველი მოსამართლისთვის - ისინი ხელს უშლიდნენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, საქართველოში ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის გარეშე, ვერასდროს გექნებათ ძლიერი, ჯანსაღი დემოკრატია", - თქვა მან.

5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის მიმართ. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.

XS
SM
MD
LG