Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Spirited Away-ის შემქმნელმა თავისი უკანასკნელი ფილმი გამოუშვა

ჰაიაო მიაძაკი, ცნობილი იაპონელი ანიმატორი
ჰაიაო მიაძაკი, ცნობილი იაპონელი ანიმატორი

პარასკევს იაპონიის კინოთეატრებში გამოვიდა How Do You Live („როგორ ცხოვრობ“) - ანიმაციის ცნობილი რეჟისორის, ჰაიაო მიაძაკის უახლესი და როგორც თავად ამბობს, უკანასკნელი ფილმი.

მიაძაკის ფილმები - Princess Mononoke, Spirited Away და Howl's Moving Castle - იაპონიის 10 ყველაზე შემოსავლიან ფილმებს შორისაა. ისინი შთაგონების წყაროდ იქცა ანიმაციური რეჟისორების თაობებისთვის იაპონიასა და მთელ მსოფლიოში. უდიდესია მიაძაკისა და სტუდია „გიბლის“ გავლენა, რომელიც მან გარდაცვლილ რეჟისორ ისაო ტაკაჰატასთან ერთად დააარსა.

„როგორ ცხოვრობ“ (Kimitachi wa Do Ikiru ka) სათაურს იღებს გენზაბურო იოშინოს 1937 წლის რომანიდან, მაგრამ მისი შინაარსი სრულიად ორიგინალურია, მიაძაკის მიერ დაწერილი.

ფილმის მოქმედება ვითარდება იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის დროს და ეხება ახალგაზრდა ბიჭს, სახელად მაჰიტოს, რომლის დედაც ხანძრის შედეგად დაიღუპა. ცოტა ხნის შემდეგ მამამისი, რომელიც მუშაობს საბრძოლო თვითმფრინავების მწარმოებელ ქარხანაში, დაქორწინდება გარდაცვლილი მეუღლის უმცროს დაზე, ნაცუკოზე და ოჯახი გადადის დიდ საგვარეულო სახლში ქალაქგარეთ.

მაჰიტო, რომელიც ნაცუკოს წინააღმდეგობას უწევს დედის ადგილის დაკავების გამო, იწყებს სახლის გარშემო ტერიტორიის შესწავლას და აღმოაჩენს იდუმალ კოშკს, რომელშიც ეუბნებიან, რომ არ შევიდეს.

ის მაინც შედის და როგორც კი ამას აკეთებს, მაგიით სავსე ალტერნატიულ სამყაროში ხვდება.

მიაძაკიმ არაერთხელ განაცხადა კინოწარმოების შეწყვეტის შესახებ, ბოლოს 2013 წელს, მაგრამ პირობას არ ასრულებს. რეჟისორმა „How Do You Live“-ზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო.

ამ ფილმის წარმოებას შვიდი წელი დასჭირდა. რეჟისორს კი იანვარში 82 წელი შეუსრულდა.

XS
SM
MD
LG