Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი ელის, რომ უკრაინა საქართველოს გადასცემს ადეიშვილსა და ლორთქიფანიძეს


თბილისი ელის, რომ კიევი გადასცემს გია ლორთქიფანიძესა და ზურაბ ადეიშვილს, ეუბნება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტებს, უკრაინის რადის კრიტიკული განცხადების პასუხად, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

„ესეც ერთი შერცხვენაა საქართველოს მიმართ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რომ მის ხელისუფლებაში არიან ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე. ადამიანი, რომელმაც დააორგანიზა მიხეილ სააკაშვილის შემოპარვა საქართველოში, რათა აერია მდგომარეობა, უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე. ახლა ეს რაზეც მეტყველებს, გასაგებია, ხომ?! ნაცვლად იმისა, გადმოგვცენ ზურაბ ადეიშვილი, გია ლორთქიფანიძე, ვიღებთ ასეთი სახის განცხადებებს, ქცევებს. სინამდვილეში, თუკი რაიმე მოლოდინი უნდა გვქონდეს, მოლოდინი არის ასეთი, რომ გადმოგვცენ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე. ასევე, მნიშვნელოვანია, უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყოს გამოძიება იმასთან დაკავშირებით, ვინ იყო კიდევ ჩართული, იყო თუ არა ვინმე კიდევ ჩართული უკრაინის ხელისუფლებიდან მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის ორგანიზებაში“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე მტკიცებით, არ არსებობს კითხვის ნიშანი, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაულები, რომლისთვისაც იხდის სასჯელს. პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილს სათანადოდ, უმაღლესი სტანდარტებით ეპყრობიან.

უკრაინის უმაღლესმა რადამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებს მიმართა ჰუმანიტარული აქტის განხორციელების აუცილებლობისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით.

მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებამ ბოლოს 3 ივლისს, თავის სასამართლო სხდომაზე დისტანციური ჩართვისას ნახა, - ამ კადრების გავრცელების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევისკენ მოუწოდა. საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინა დატოვა.

12 ივლისს სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა პოლონელი ექიმებისგან შემდგარმა ხუთკაციანმა ჯგუფმა.

სააკაშვილი სასჯელს იხდის სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალებისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.

მიხეილ სააკაშვილი ყველა ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში“, სადაც დღემდე იმყოფება.

XS
SM
MD
LG