Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მარცვლეულის შეთანხმებაზე“ რუსეთის უარმა ხორბალსა და სიმინდზე მსოფლიო ფასების ზრდა გამოიწვია


CNN-ის თანახმად, ორშაბათს გლობალურ სასაქონლო ბაზრებზე ხორბლისა და სიმინდის ფასები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებაზე უარი თქვა.

თეთრმა სახლმა გააფრთხილა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება "გააუარესებს სურსათის უსაფრთხოებას და ზიანს მიაყენებს მილიონობით დაუცველ ადამიანს მთელ მსოფლიოში" და მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება.

"შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივამ გადამწყვეტი როლი ითამაშა მთელ მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირებაში, რაც მკვეთრად გაიზარდა რუსეთის მიერ უკრაინაში სასტიკი და არაპროვოცირებული შეჭრის შედეგად", - მოჰყავს CNN-ს აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის, ადამ ჰოჯის, სიტყვები.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ძალიან წუხს მარცვლეულის გარიგებიდან რუსეთის გასვლის გადაწყვეტილებასა და შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ნავიგაციის უსაფრთხოებაზე რუსული გარანტიების გაუქმებაზე. გუტერეშის თანახმად, შეთანხმება ომის დაწყებიდან დღემდე სურსათის ფასების 23 პროცენტზე მეტით შემცირებას უწყობს ხელს.

ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი უარს ამბობს, გააგრძელოს გაეროსა და თურქეთის შუამავლობით უკრაინასთან მიღწეული შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს უკრაინიდან ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს. შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისს, დღის ბოლოს, ამოიწურება.

პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეთანხმებამ მოქმედება „ფაქტობრივად“ უკვე შეწყვიტა, რადგან არ სრულდება რუსეთთან დაკავშირებული პირობები. „ამიტომ, მისი მოქმედება წყდება“, - განაცხადა პესკოვმა.


ერთი წლის წინ გაფორმებული „მარცვლეულის შეთანხმება“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხორბლით აფრიკისა და აზიის ეკონომიკურად სუსტი ქვეყნების მომარაგებისთვის.

კრემლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი, რომელიც ამ საკითხზე ვლადიმირ პუტინთან აპირებს მოლაპარაკებას.

„მჯერა, რომ პუტინს სურს, რომ ჰუმანიტარულმა დერეფანმა გააგრძელოს ფუნქციონირება“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის რუსეთის გარეშე გააგრძელოს "მარცვლეულის შეთანხმება" და შესაბამის სიგნალებს გაუგზავნის შეთანხმების შუამავლებს - გაეროსა და თურქეთს.

  • გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.
  • შეთანხმების მოქმედების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა და ამჯერად დღეს, 2023 წლის 17 ივლისს, იწურება.
XS
SM
MD
LG