საბერძნეთში, ათენის შემოგარენში, 17 ივლისის შემდეგ ტყის ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ მეხანძრეები. ძლიერი ქარი ცეცხლის ჩაქრობას ართულებს და ახალ კერებს აჩენს.
18 ივლისის საღამოს მონაცემებით, რომელსაც Reuters-ი აქვეყნებს, ხანძარი დაახლოებით 8 კილომეტრის (5 მილის) სიგრძის ტერიტორიაზეა გავრცელებული. ხელისუფლებამ ხანძრის სიახლოვეს მცხოვრები 300-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. ძლიერი ხანძრის გამო ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი შეწყვიტა და საბერძნეთში დაბრუნდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი.
ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართულია 250 მეხანძრე, 75 სახანძრო მანქანა, 11 თვითმფრინავი და 9 ვერტმფრენი. ბერძენი მეხანძრეების დასახმარებლად საფრანგეთმა და იტალიამ 18 ივლისს ათენში გაგზავნეს ხანძრის საწინააღმდეგო 4 თვითმფრინავი.
ევროპის ქვეყნებში და მათ შორის საბერძნეთშიც, კვირაზე მეტია უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა. ათენში კვირას დაიკეტა აკროპოლისიც, რათა შეეზღუდათ ქალაქში ადამიანების გადაადგილება დღის განმავლობაში.