Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი გენერალი: უკრაინის ძალები წინ მიიწევენ, ნაღმებისა და სხვა წინაღობების მიუხედავად


მარკ მილი, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი
მარკ მილი, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი

აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთის ძალების წინააღმდეგ წარმოებული კონტრშეტევისას უკრაინას პროგრესი აღენიშნება და ბრძოლაში გამოსაყენებლად კვლავაც დარჩენილი აქვს "მნიშვნელოვანი" რესურსი - აცხადებს ამერიკელი გენერალი, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი მარკ მილი.

"უდიდესი საფასურის მიუხედავად, უკრაინელები წინ მიიწევენ სტაბილურად და განზრახვის თანახმად, უძლებენ დაუნდობელ და სისხლიან ბრძოლებს თავიანთი სამშობლოს დასაბრუნებლად", - უთხრა მილიმ ჟურნალისტებს 18 ივლისს, უკრაინის თავდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ვირტუალური შეხვედრის შემდეგ.

შეკითხვას, შეჩერდა თუ არა კონტრშეტევა, მილიმ უპასუხა, რომ პროცესს აფერხებს რუსეთის მხრიდან ჩადებული ნაღმები და კიევის ძალებს უწევთ გამკლავება ძლიერად გამაგრებულ პოზიციებთან, რომლებიც მოიცავს დანაღმულ ტერიტორიებს, სატანკო წინაღობებს, მავთულხლართებსა და გათხრილ სანგრებს.

"ამ ეტაპზე ისინი ინახავენ თავიანთ შემტევ ძალას და ნელა, განზრახვისამებ სტაბილურად მიიწევენ წინ ყველა ამ დანაღმულ არეალში, რაც რთული ბრძოლაა", - აღნიშნა მილიმ.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის თქმით, კონტრშეტევა წარმოადგენს "მნიშვნელოვან მომენტს ამ ტრაგიკულ ომში". ოსტინი ამ განცხადებით გამოვიდა უკრაინის თავდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის გახსნისას. ჯგუფი შეიქმნა უკრაინის მოკავშირეთა მხრიდან დახმარების კოორდინირების მიზნით. ოსტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება.

XS
SM
MD
LG