Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დრონებით ისევ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას


საილუსტრაციო ფოტო. რუსული რაკეტით ოდესის ოლქში 21 ივლისს განადგურებული მარცვლეულის საცავი და სატვირთო ავტომანქანა
საილუსტრაციო ფოტო. რუსული რაკეტით ოდესის ოლქში 21 ივლისს განადგურებული მარცვლეულის საცავი და სატვირთო ავტომანქანა

რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანა უკრაინის ოდესის ოლქზე. უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, გასული ღამიდან, თითქმის 4-საათიანი შეტევის სამიზნე იყო დუნაის საპორტო ინფრასტრუქტურა.

დრონით დარტყმის შედეგად დანგრეულია მარცვლეულის საცავი და დაზიანებულია სხვა სახეობის ტვირთების რეზერვუარები. წინასწარი მონაცემებით, დაიჭრა 4 ადამიანი. სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 3 დრონი გაანადგურეს.

რუსეთმა ოდესის ოლქზე და ქალაქ ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით ინტენსიური შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც 17 ივლისს ყირიმის ხიდზე დრონებით თავდასხმა იყო. იმავე დღეს რუსეთმა გამოაცხადა, რომ 18 ივლისიდან ტოვებს „მარცვლეულის შეთანხმებას". გაეროს და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი.

რუსეთის დარტყმების შედეგად დანგრეული ან დაზიანებულია არა მხოლოდ საპორტო ინფრასტრუქტურა, არამედ სახლები და სხვა შენობები ქალაქ ოდესის ცენტრშიც, რომელიც იუნესკოს მიერ გამოცხადებულია მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად.

მიუხედავად ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ ოდესის ოლქში სამხედრო დანიშნულების ობიექტებს უტევენ და ეს „შურისგების ოპერაციაა".

XS
SM
MD
LG