Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმის სამხედრო ობიექტზე დრონით დარტყმის შემდეგ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს


საილუსტრაციო ფოტო. 19 ივლისს დრონით დარტყმის შედეგად აფეთქება მოხდა ყირიმის კიროვის რაიონში მდებარე სამხედრო პოლიგონზე
საილუსტრაციო ფოტო. 19 ივლისს დრონით დარტყმის შედეგად აფეთქება მოხდა ყირიმის კიროვის რაიონში მდებარე სამხედრო პოლიგონზე

მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ჯანკოის რაიონში, სადაც უპილოტო საფრენი აპარატით შეტევა განხორციელდა. ყირიმის ე.წ. მეთაურის, სერგეი აქსიონოვის ინფორმაციით, ამ რაიონში დრონით დარტყმა იყო საბრძოლო მასალების საწყობზე. ევაკუაცია ეხება შემთხვევის ადგილიდან 5 კილომეტრის რადიუსში მდებარე სოფლების მცხოვრებთ. ჯანკოიში დროებით შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 24 ივლისს, განაცხადა, რომ გასული ღამის განმავლობაში, „კიევის რეჟიმმა 17 უპილოტო საფრენი აპარატით სცადა ტერორისტული შეტევა ობიექტებზე ყირიმის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კონკრეტულ ობიექტებს არ ასახელებს და ირწმუნება, რომ 17 დრონიდან 14 ჩაახშეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით, მათგან 11 შავ ზღვაში ჩავარდა, 3 კი - ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე. სამინისტროს თანახმად, კიდევ 3 დრონი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებით გაანადგურეს. რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბოლო ერთი კვირაა, ყირიმზე ყოველდღე ხდება უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა.

  • 17 ივლისს დრონებით დარტყმა იყო ყირიმის ხიდზე, რომელიც ანექსირებულ რეგიონს რუსეთის კრასნოდარის მხარესთან აკავშირებს.
  • 18 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა 28 უპილოტო საფრენი აპარატით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა ყირიმის ნახევარკუნძულის ობიექტებზე“.
  • 19 ივლისს დრონებით დარტყმის შედეგად აფეთქება მოხდა ყირიმის აღმოსავლეთში, კიროვის რაიონში მდებარე სამხედრო პოლიგონზე.
  • 20 ივლისს ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში, დრონით დარტყმის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი და დაზიანებულია 4 ადმინისტრაციული შენობა.
  • 22 ივლისს ყირიმის კრასნოგვარდეისკის რაიონში დრონით დარტყმა იყო საბრძოლო მასალების საწყობზე.

რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს ყირიმზე „ტერორისტულ შეტევებში". კიევი ოფიციალურად, პირდაპირ არ ადასტურებს, რომ დრონებით თავდასხმა უკრაინის თავდაცვის ძალების მიერაა ორგანიზებული. უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წლიდანაა ანექსირებული.

17 ივლისს, ყირიმის ხიდზე დრონებით დარტყმის შემდეგ, რუსეთმა გამოაცხადა, რომ ტოვებს გაეროს და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის ივლისში მიღწეულ „მარცვლეულის შეთანხმებას", რომლის საფუძველზეც, შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი.

17 ივლისის შემდეგ, რუსეთი რაკეტებით და დრონებით ინტენსიურად უტევს უკრაინის სამხრეთს, განსაკუთრებით, ქალაქ ოდესას და ოდესის ოლქს. რუსეთის დარტყმების შედეგად დანგრეული ან დაზიანებულია არა მხოლოდ საპორტო ინფრასტრუქტურა, არამედ სახლები და სხვა შენობები ქალაქ ოდესის ცენტრშიც, რომელიც იუნესკოს მიერ გამოცხადებულია მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად. მიუხედავად ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ ოდესის ოლქში სამხედრო დანიშნულების ობიექტებს უტევენ და ეს „შურისგების ოპერაციაა".

XS
SM
MD
LG