Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2017 წელს გაუჩინარებული ჩეჩენი მომღერალი ზელიმხან ბაკაევი, სავარაუდოდ, სამართალდამცველებმა მოკლეს


ზელიმხან ბაკაევი
ზელიმხან ბაკაევი

ჩეჩენი მომღერალი ზელიმხან ბაკაევი, რომელიც უკვალოდ გაუჩინარდა 2017 წელს, სავარაუდოდ, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა მოკლეს. ამის შესახებ კრიზისული ჯგუფის, „სკ SOS“-ის გამოძიებაშია ნათქვამი.

უფლებადამცველები დარწმუნებული არიან, რომ ბაკაევი ჰომოსექსუალობაში იყო ეჭვმიტანილი და მას უთვალთვალებდნენ. მომღერალი დროის უმეტეს ნაწილს მოსკოვში ატარებდა და არ სჯეროდა, რომ ის შეიძლება მოეკლათ. ბაკაევი რუსეთში რჩებოდა ავადმყოფი დედის მოვლის აუცილებლობის გამო.

ორგანიზაციის თანამოსაუბრის თქმით, ბაკაევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება შეეძლო მის ყოფილ პარტნიორს. ისიც მოსკოვში ცხოვრობდა და კავშირი ჰქონდა ჩეჩნეთის სამართალდამცავ ორგანოებთან.

როდესაც ბაკაევის ჰომოსექსუალობის შესახებ ინფორმაციამ ჩეჩნეთის ხელმძღვანელამდე, რამზან კადიროვამდე მიაღწია, მან თითქოს განკარგულება გასცა „საქმეში გარკვეულიყვნენ“. კადიროვი მომღერალს პირადად იცნობდა, ხელი ჩამოურთმევია მისთვის და ჰომოსექსუალობა პირად შეურაცხყოფად მიიჩნია, ამტკიცებს „სკ SOS“-ი.

უფლებადამცველების თქმით, სიკვდილის წინ არტისტს დიდხანს აწამებდნენ. ჩეჩნეთის ხელისუფლებამ უარყო ბაკაევის გაუჩინარებასთან კავშირი, ხოლო უფლებადამცველები მის გაუჩინარებას „გეებზე ნადირობას“ უკავშირებენ. გამოძიების ავტორები დარწმუნებული არიან, რომ მომღერლის ცხედარი ოჯახს გადასცეს.

ზელიმხან ბაკაევის გაუჩინარების შემდეგ დედამ პოლიციაში შეიტანა საჩივარი და დახმარება ითხოვა შვილის ძებნაში, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო.

2017 წლის 24 სექტემბერს ჩეჩნეთის ტელე-რადიოკომპანია „გროზნომ“ თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ბაკაევი გერმანიაში იმყოფებოდა. მტკიცებულების სახით სახელმწიფო არხის ვებსაიტმა გამოაქვეყნა მომღერლის ვიდეო. თითქოს სხვა ქვეყანაში გამგზავრებული ბაკაევის ამ ვიდეორგოლში ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს ავეჯი და სასმელი, რომლებიც მხოლოდ რუსეთში იყიდება. ასევე უფლებადამცველებმა პასუხი მიიღეს ევროკომისიიდან, რომელმაც დაადასტურა, რომ მომღერალი ევროპაში არ შესულა.

XS
SM
MD
LG