Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: შიდა ღალატი, პლაჟები და პირადი გამდიდრება სულ მცირე მძვინვარებას იწვევს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფოს პრინციპების და საზოგადოების ინტერესების ღალატში დაადანაშაულა თანამდებობის პირები, რომლებიც ომის დროს უცხოეთის კურორტებზე ისვენებენ, ხელსაყრელ მივლინებებს ეძებენ და გამდიდრებას ცდილობენ.

25 ივლისს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ მაშინ, როცა მილიონობით უკრაინელი მაქსიმალურად კონცენტრირებულია არა საკუთარ თავზე და სურვილებზე, არამედ სახელმწიფოსა და სიცოცხლის დაცვაზე, ზოგიერთს ჰგონია, რომ ომი სადღაც შორსაა და პარლამენტის გუმბათით, რომელიმე კაბინეტის კედლებით ან რაღაც უფლებამოსილებით რეალობას დაემალება.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დეპუტატებს, მოსამართლეებს, სამხედრო კომისრებსა და სხვა მოხელეებს სახელმწიფოსთან დაპირისპირებას არავინ აპატიებს. ზელენსკის განცხადებით, მაშინ, როცა დღეები გადის სახელმწიფოსთვის საკმარისი იარაღის ძიებაში და ხედავ, რომ მეომრები და ხალხი გამარჯვებისა და თავისუფლებისთვის შეუძლებელსაც კი აკეთებენ, უკრაინის ინტერესების ნაცვლად შიდა ღალატი, პლაჟები და პირადი გამდიდრება, სულ მცირე, მძვინვარებას იწვევს და ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს.

უკრაინის პრეზიდენტმა პარლამენტის წევრები და სხვა თანამდებობის პირები გააფრთხილა, რომ ვინც იმაზე ფიქრობს, როგორ გაატაროს უცხოეთში რაც შეიძლება მეტი დრო და ეძებს მომგებიან მივლინებებს, რათა ის შეუთავსოს საკუთარ ბიზნესს, მეგობრებს ან პლაჟებს, ხელისუფლებაში ვერ დარჩება.

ბოლო ხანს, უკრაინული მედიით გავრცელდა არაერთი ცნობა, რომ პარლამენტის ზოგიერთი წევრი და სხვა მაღალჩინოსნები უცხოეთის კურორტებზე ისვენებენ. ბოლო პერიოდში, უკრაინაში მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს არაერთი მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირი.

XS
SM
MD
LG