Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერებამ ხორბალი შესაძლოა, 10-15%-ით გააძვიროს


საილუსტრაციო ფოტო. ხორბლის მოსავლის აღება უკრაინაში
საილუსტრაციო ფოტო. ხორბლის მოსავლის აღება უკრაინაში

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინასწარი პროგნოზით, „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერება ხორბლის 10-15%-ით გაძვირებას გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა სავალუტო ფონდის მთავარმა ეკონომისტმა, კვლევითი დეპარტამენტის დირექტორმა პიერ-ოლივიე გურინშასმა.

მისი ინფორმაციით, შეთანხმების წყალობით, ერთი წლის განმავლობაში უკრაინიდან დანარჩენ მსოფლიოში გაიგზავნა დაახლოებით 33 ტონა ხორბალი და ამან ხელი შეუწყო სურსათის ფასებზე ზეწოლის შემცირებას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდში ვარაუდობენ, რომ შეთანხმების შეჩერების შემდეგ საპირისპირო პროცესი დაიწყება და სურსათის გაძვირებას გამოიწვევს.

რუსეთმა 18 ივლისიდან დატოვა „მარცვლეულის შეთანხმება". გაეროს და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი, მათ შორის აფრიკის და აზიის ღარიბ ქვეყნებში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებამ“ ჰუმანიტარული დანიშნულება ვერ გაამართლა და აშკარაა „საბოტაჟიც", რომლის გამოც ინიციატივა აზრს კარგავს, ამიტომ მის გაგრძელებას ეწინააღმდეგებიან.

რუსეთი შეთანხმების შენარჩუნების სანაცვლოდ მოითხოვდა ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ამუშავებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მისი ნაწილების მიწოდების აღდგენას, უცხოეთის პორტებში რუსული გემების შესვლას, სატრანსპორტო ლოგისტიკის განბლოკვას და „როსსელხოზბანკის“ დაბრუნებას საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-ში. რუსეთს ეს შეზღუდული აქვს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამოქმედებული სანქციების საფუძველზე.

რუსეთი ირწმუნება, რომ ვერ ახორციელებს სურსათის და სასუქების ექსპორტს, რასაც დასავლეთის სახელმწიფოები სიცრუეს უწოდებენ, რადგან ეს პროდუქცია სანქცირებული არ არის. უკრაინა და დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებენ სურსათის იარაღად გამოყენებაში.

  • უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით უკრაინული ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის 120 დღით განახლების შეთანხმებას.
  • გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.
  • შეთანხმების მოქმედების ვადა სამჯერ გაგრძელდა და ბოლოს 17 ივლისს ამოიწურა.

XS
SM
MD
LG