Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფსბ-მ პოლიტოლოგ ბორის კაგარლიცკის ტერორიზმისკენ მოწოდების ბრალდება წაუყენა


პოლიტოლოგ ბორის კაგარლიცკის ბრალი წაუყენეს ყირიმის ხიდის აფეთქების შესახებ ინტერნეტში გამოქვეყნებული კომენტარისთვის.
პოლიტოლოგ ბორის კაგარლიცკის ბრალი წაუყენეს ყირიმის ხიდის აფეთქების შესახებ ინტერნეტში გამოქვეყნებული კომენტარისთვის.

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ფსბ) პოლიტოლოგ ბორის კაგარლიცკის ოფიციალური ბრალდება წაუყენა მუხლით ტერორიზმისკენ მოწოდებების შესახებ ინტერნეტის გამოყენებით. ამის შესახებ მისმა ქალიშვილმა ქსენიამ განაცხადა საკუთარ გვერდზე Twitter-ში. მისი თქმით, კაგარლიცკი ეტაპით გადაიყვანეს სიქტივკარში.

ოთხშაბათს სასამართლო პოლიტოლოგს აღმკვეთ ღონისძიებას შეუფარდებს. კაგარლიცკის ადვოკატმა სერგეი ეროხოვმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეს კომის რესპუბლიკის ფსბ-ს სამმართველო იძიებს.

მოგვიანებით ადვოკატმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდა პოლიტოლოგის პოსტი რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხიდზე გასული წლის ოქტომბერში მომხდარი აფეთქების შესახებ. თავის ტელეგრამის არხში, 8 ოქტომბრის პუბლიკაციაში, კაგარლიცკიმ დაწერა, რომ „სამხედრო თვალსაზრისით“ აფეთქების მნიშვნელობა ნათელია - „იქნება მიწოდების პრობლემები“. მან ასევე ისაუბრა მომხდარის ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებზე.

კაგარლიცკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე 25 ივლისს გახდა ცნობილი აქტივისტ ალექსანდრ არჩაგოვის სახლში ჩხრეკის დროს. მოგვიანებით ცნობილი გახდა პოლიტოლოგის ეკატერინბურგელი ნაცნობის, არტიომ ეროფონოვის სახლში ჩხრეკის შესახებ.

64 წლის ბორის კაგარლიცკი არის გლობალიზაციისა და სოციალური მოძრაობების ინსტიტუტის დირექტორი, ცნობილი მემარცხენე პუბლიცისტი და სსრკ-ში დისიდენტური მოძრაობის წევრი. ის არის ონლაინ ჟურნალის, „რაბკორის“ მთავარი რედაქტორი. არჩაგოვი, რომლის ჩხრეკიდანაც გახდა ცნობილი საქმის შესახებ, უძღვება ვიდეოჩართვებს ჟურნალის YouTube არხზე.

კაგარლიცკი ასწავლის მოსკოვის სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში, რომელიც რეგულარულად განიცდის ხელისუფლების ზეწოლას. მისი ინსტიტუტი რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 2018 წელს ე.წ. უცხოელი აგენტების სიაში შეიყვანა და ის ლიკვიდაციის პროცესშია. თავად პოლიტოლოგი მსგავს სიაში მოხვდა 2022 წლის გაზაფხულზე.

2022 წლის 8 ოქტომბერს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. ოფიციალური ვერსიით, აფეთქდა სატვირთო მანქანა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ ხიდზე სატვირთო მანქანების მოძრაობა აიკრძალა.

XS
SM
MD
LG