რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიკვდილის შემთხვევაში, ირლანდიის მთავრობა რუსეთს არ მიუსამძიმრებს და საეჭვოა, რომ დაკრძალვას ირლანდიიდან ვინმე დაესწროს. ამის შესახებ, როგორც სააგენტო PA და გამოცემა Independent-ი წერენ, ჟურნალისტებს განუცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა.
ჰიპოთეზურ სიტუაციაზე პრემიერისთვის დასმულ შეკითხვაში პარალელი იყო გავლებული ირლანდიის წარსულ გამოცდილებაზე. მეორე მსოფლიო ომის დროს ირლანდია ნეიტრალიტეტს იცავდა, რაც ევროპის სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის მწვავე კრიტიკას იწვევდა. 1945 წელს გერმანელი ნაცისტების ლიდერის, ადოლფ ჰიტლერის სიკვდილის გამო, ირლანდიის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა იმონ დე ვალერამ გერმანიის დესპანს მიუსამძიმრა. ამ ფაქტმა მსოფლიო თანამეგობრობის აღშფოთება გამოიწვია და ირლანდიის რეპუტაციას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
19 ივლისს, უკრაინაში ვიზიტისას პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა განაცხადა, რომ ირლანდია განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.