Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში შემოვა გემი, ომისა და პუტინის მხარდამჭერი არტისტებით


გემი „ასტორია გრანდე“ ბათუმში, 27 ივლისი, 2023
გემი „ასტორია გრანდე“ ბათუმში, 27 ივლისი, 2023

29 ივლისს გემი „ასტორია გრანდე“ ისევ გამოვა სოჭიდან, მარშრუტი ბათუმში გაჩერებას ითვალისწინებს. „ეზო კავკაზა“ წერს, რომ ამჯერად რუს ტურისტებს ტელეარხ RU.TV-ის ვარსკვლავებთან ერთად მოგზაურობას სთავაზობენ. ისინი გემის სცენაზე გამოვლენ.

არტისტებს შორის არის Hi-Fi-ის ყოფილი სოლისტი მიტია ფომინი. ის 2022 წელს მონაწილეობდა პატრიოტულ მარათონში „ზა რასიი“, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის მხარდასაჭერად გაიმართა. უკრაინის მთავრობამ ფომინის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. საიტზე „ომი და სანქციები“ მითითებულია, რომ მან „რუსულ პროპაგანდაში დიდი წვლილი შეიტანა, იყო მხარდამჭერი რუსეთის პოლიტიკისა, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ემუქრება“.

მიტია ფომინი
მიტია ფომინი

მას უკრაინაში შესვლა 2017 წლიდან ეკრძალება, მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთს ეკუთვნის.

იმის გამო, რომ რუსეთს მხარს უჭერდა და უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას ამართლებდა, 2022 წლის 1 ივნისს ფომინს ქვეყანაში შესვლა ლატვიამაც აუკრძალა. ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მიერ დაარსებულმა კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა ის კორუმპირებულებისა და ომის გამჩაღებლების სიაში შეიყვანა. მან მიენიჭა კატეგორია: „გამყიდველი ლიდერები“.

2018 წელს ფომინმა მხარი დაუჭირა მოძრაობას Putin Team („პუტინის გუნდი“), 2020 წელს კი მან განაცხადა, რომ პუტინმა სოციალური მნიშვნელობის პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასწინათ მიტია ფომინმა განაცხადა, რომ მზადაა ფრონტის წინა ხაზზე ექიმად წავიდეს: „თუ მამული მიხმობს, თუ დავჭირდები, აუცილებლად წავალ. ყველაფერს დავივიწყებ და სრულიად სხვადასხვა საქმეებს გავაკეთებ“.

„ვარსკვლავური“ კრუიზის მონაწილეებს შორის არის ასევე რუსული მუსიკალური ჯგუფი „Те100стерон“ („ტესტოსტერონი“), რომელიც ძმებმა ვალერი და ანდრეი ბირბიჩაძეებმა დააარსეს. ისინი ყაზახეთში დაიბადნენ და შემდეგ რუსეთში გადასახლდნენ. მღერიან რუსულად, ესპანურად, ფრანგულად, იტალიურად, ინგლისურად, უკრაინულად და ქართულად.

ჯგუფი „ტესტოსტერონი“
ჯგუფი „ტესტოსტერონი“

27 ივლისს ჯგუფი ოლეგ გაზმანოვის ვაჟთან, როდიონ გაზმანოვთან ერთად ნიჟნი ნოვგოროდში გამოვიდა. მსმენელები სამხედრო ჰოსპიტალის პაციენტები იყვნენ. ჰოსპიტალი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. მანამდე ძმები ბირბიჩაძეები მოსკოვში რუსი სამხედროების, სემენოვსკის პოლკის, წინაშეც გამოვიდნენ.

გემზე ასევე იქნება ბელარუსი მომღერალი დმიტრი კოლდუნი, რუსული პროექტის „ვარსკვლავების ფაბრიკის“ გამარჯვებული. 2007 წელს ის ბელარუსს „ევროვიზიაზე“ წარმოადგენდა.

დმიტრი კოლდუნი
დმიტრი კოლდუნი

2018 წელს მან კონცერტი ჩაატარა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში. უკრაინას მის წინააღმდეგ სანქციები არ შემოუღია, მაგრამ საიტზე „ომი და სანქციები“ მითითებულია, რომ ის „აქტიურად უჭერს მხარს პუტინის რეჟიმის აგრესიულ პოლიტიკას“.

საკრუიზო გემზე ასევე იქნება 19 წლის არტისტი Amirchik (ამირხან ბატაბაევი) ბიშკეკიდან, რუსული მუსიკალური პროექტის Filatov & Karas-ის წამყვანი ივან ჩუიკოვი და დმიტრი ოლენინი.

„ასტორია გრანდე“ ბათუში 31 ივლისს შემოვა. საკრუიზო ლაინერზე მყოფმა არტისტებმა და მგზავრებმა საქართველოს საზღვარი შეიძლება არ გადალახონ და ბათუმის პორტში, გემზე მანამდე დარჩნენ, სანამ გემი ნაპირს არ დატოვებს.

„ვარსკვლავური“ კრუიზის ღირებულება, მარშრუტით „სოჭი-ტრაპიზონი- ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი“ 100 ათას რუბლზე მეტი ჯდება (დაახლოებით 1100 დოლარი).

„ასტორია გრანდე“ ბათუმის პორტში 27 ივლისსაც შემოვიდა. გემბანზე 800 ადამიანი იმყოფებოდა, უმეტესობა - რუსეთის მოქალაქე. გემის შემოსვლამ საზოგადოების ნაწილისა და ოპოზიციის აღშფოთება გამოიწვია, გაიმართა საპროტესტო აქციაც. გემმა პორტი 27 ივლისის საღამოს დატოვა.

XS
SM
MD
LG