Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში დაკავებულ 23 ადამიანს შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა


ბათუმი. აქციის მონაწილეების დაკავების კადრი
ბათუმი. აქციის მონაწილეების დაკავების კადრი

ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერის, Astoria Grande-ს შესვლის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 23 ადამიანს შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა. გავრცელებულ ვიდეოში იგი ამბობს, რომ პოლიციამ ტელეფონი ჩამოართვა.

"უკრაინის მოქალაქე ვარ. დაკავების მიზეზი არ უთქვამთ. უბრალოდ, გამკოჭეს, წამართვეს ტელეფონი, პირადი ნივთები, არ მაქვს არავისთან დაკავშირების საშუალება, წამართვეს უკრაინის დროშა", - ამბობს საპროტესტო აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა ქალი.

ყველა დაკავებულს შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას - წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

გემი ASTORIA GRANDE, რომელზეც რუსული მუსიკალური არხის მიერ ორგანიზებული კრუიზის მონაწილეები იმყოფებიან, 29 ივლისს სოჭის პორტიდან გავიდა და დღეს, 31 ივლისს, 05:30 საათზე თურქეთის ტრაპიზონიდან ბათუმში შევიდა. საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ გემის შესვლამდე, წუხელ დაიწყო მას შემდეგ, რაც ბათუმის ნავსადგურში პოლიციამ ჯებირები აღმართა.

ბათუმის ნავსადგური სოჭიდან გამოსული საკრუიზო გემის - Astoria Grande-ს - მგზავრებმა, სავარაუდოდ, პოლიციის კორდონების გავლით დატოვეს. ავტობუსებსა და მიკროავტობუსებს, რომლებშიც, სავარაუდოდ, რუსეთიდან ბათუმში ჩაყვანილი ტურისტები ისხდნენ, აქციის მონაწილეები ესროდნენ კვერცხებსა და ბოთლებს.

პალაუს დროშით მცურავი გემი ASTORIA GRANDE, რომელსაც თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისსაც შევიდა. გემი საპროტესტო აქციით გააცილეს.

XS
SM
MD
LG