Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოვში მე-19 დაღუპული იპოვეს


შოვი
შოვი

რაჭაში, შოვში, დამეწყრილ ტერიტორიაზე, მე-19 ადამიანის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ ნაპოვნია ქალის ცხედარი.

"მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ცალკეული ფრაგმენტი. შეიძლება ითქვას, რომ იმ ლოკაციაზე, სადაც აღმოჩენილია ფრაგმენტი და ადამიანის ცხედარი, აქტიური სამუშაოების შედეგად მოხდა ეს ყველაფერი. მიმდინარეობს კონკრეტულ ლოკაციაზე დამატებითი მობილიზება, რათა უფრო მეტად გავაფართოოთ ძებნა-შველის არეალი. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებაზე საუბარი ნაადრევია", - თქვა მან.

სამაშველო სამუშაოები შოვში სტიქიური უბედურებიდან სამ საათში დაიწყო. წინა დღეებისგან განსხვავებით, 7 აგვისტოს ვერცერთი დაკარგულის ცხედარი ვერ იპოვეს. მე-19 დაკარგულის, ქალის, ცხედარი ბოლო ორ დღეში მიმდინარე სამძებრო სამუშაოების შედეგად ნახეს.

შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. მას შემდეგ ადგილზე ჩავიდნენ მაღალჩინოსნები და არაერთი განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, თუმცა გამოძიების დაწყებაზე საუბარი არ ყოფილა.

7 აგვისტოს თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:

  • მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით;
  • მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

ბოლო ცნობებით, სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი, ნაპოვნია 19-ის ცხედარი. ოფიციალური მონაცემებით, ეძებენ 15-ს, თუმცა დაზუსტებით იმის თქმა, რამდენი ადამიანი იყო იქ, შეუძლებელია.

XS
SM
MD
LG