Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ისტორიკოსი ელენ კარერ დ’ანკოსი (ზურაბიშვილი)


ელენ კარერ დ’ანკოსი, ისტორიკოსი
ელენ კარერ დ’ანკოსი, ისტორიკოსი

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 5 აგვისტოს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა ისტორიკოსი ელენ კარერ დ’ანკოსი (ზურაბიშვილი)

ელენ კარერ დ’ანკოსი (ზურაბიშვილი) იყო პირველი ქალი, რომელიც აირჩიეს ფრანგული აკადემიის მუდმივ მდივნად 1999 წელს. ის ორი ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური არქივის კომისიას.

„მისმა ურყევმა მხარდაჭერამ შესაძლებელი გახადა დიპლომატიური არქივის ფასდაუდებელი დოკუმენტების შეგროვება, დაცვა და პოპულარიზაცია პოლიტიკური ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სასარგებლოდ“, - ნათქვამია საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სამძიმრის წერილში.

საბჭოთა კავშირის ისტორიისა და პოსტსაბჭოთა პერიოდის შესახებ მრავალრიცხოვანი ნაშრომების ავტორს, ელენ კარერ დ’ანკოსს, სამეცნიერო წრეებში “სოვეტოლოგთა დედოფლად” მოიხსენიებდნენ.

მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი „დამსხვრეული იმპერია“ 1978 წელს გამოქვეყნდა. ელენ კარერ დ’ანკოსი წიგნში გამოთქვამდა იმ დროისთვის იშვიათ ვარაუდს საბჭოთა კავშირის დაშლის შესახებ.

წარმოშობით ქართველი, ფრანგი ისტორიკოსის შესახებ 2009 წელს რადიო თავისუფლებაც წერდა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბიძაშვილი ელენ კარერ დ’ანკოსი 1929 წლის 6 ივლისს დაიბადა პარიზში, გიორგი ზურაბიშვილის ოჯახში. ელენეს ბაბუას, ივანე ზურაბიშვილს, 1921 წლის მარტში მოუწია საქართველოდან ემიგრაციაში წასვლა.

გერმანული გამოცემა "Frankfurter Allgemeine" წერს, რომ ელენი ქართველი მამისა და რუსი-გერმანელი დედის ოჯახში დაიბადა, ემიგრაციის შემდეგ მამა ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ელენ კარერ დ’ანკოსმა საფრანგეთის მოქალაქეობა 1950 წელს მიიღო. 1952 წელს კი ლუი კარერ დ’ანკოსზე იქორწინა და სამი შვილი შეეძინა.

XS
SM
MD
LG