Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში გაიმართა დემონსტრაცია ლაჩინის ხეობის ბლოკადის მოხსნის მოთხოვნით


საპროტესტო დემონსტრაცია ერევანში. 8 აგვისტო, 2023.
საპროტესტო დემონსტრაცია ერევანში. 8 აგვისტო, 2023.

ერევანში პოლიციამ სომხეთის მთავრობის შენობასთან გამართულ აქციაზე 14 ადამიანი დააკავა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ გადამწყვეტი ზომების მიღებას ლაჩინის დერეფნის ბლოკადის მოსახსნელად - ერთადერთი გზისა, რომელიც სომხეთთან აკავშირებს თვითგამოცხადებულ მთიან ყარაბაღს (სომხურად არცახი).

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეები მთავრობის შენობასთან ქუჩების გადაკეტვას შეუდგნენ.

სომხური მხარე აცხადებს, რომ ლაჩინის დერეფანი გადაკეტილია აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ, რაც ხელს უშლის ყარაბაღის ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.

აქციის ორგანიზატორია ყოფილი ჯარისკაცი სარქის პოღოსიანი. ის საკუთარ თავს „ჯვაროსანთა“ რაზმის მეთაურს უწოდებს. პოღოსიანის თქმით, თუ ხელისუფლება უარს იტყვის ლაჩინის დერეფნის განბლოკვაზე, მაშინ აქციის მონაწილეები იარაღს ითხოვენ, რათა დამოუკიდებლად მოხსნან ბლოკადა.

7 აგვისტოს გაერომ ბაქოს მიმართა ლაჩინის დერეფნის ბლოკადის მოხსნის მოწოდებით. ორგანიზაცია თავის განცხადებაში მიუთითებს ყარაბაღში სურსათისა და პირველადი საჭიროების საქონლის მწვავე დეფიციტზე.

აზერბაიჯანმა გაეროს განცხადებას მიკერძოებული უწოდა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხეთი რეგიონს იარაღსა და საბრძოლო მასალებს აწვდიდა ლაჩინის დერეფნის გავლით. ბაქომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ყველა პირობა შექმნა საგუშაგოზე მოსახლეობის გადასაადგილებლად.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყარაბაღის ტერიტორია აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება. რეგიონის მოსახლეობა ძირითადად ეთნიკური სომხებისგან შედგება. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქო არ აკონტროლებდა რეგიონის დიდ ნაწილს. სომხური თემის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არცერთმა ქვეყანამ, მათ შორის სომხეთმაც არ აღიარა.

2020 წლის შემოდგომაზე ხანმოკლე ომის შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით მოაწერეს ხელი შეთანხმებას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, რომელმაც ერევანში ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია, ბაქომ დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე და აზერბაიჯანის მიმდებარე რეგიონებზე, რომლებიც 1990-იანი წლების დასაწყისში დაიკავეს სომხურმა ჯარებმა. რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები განლაგდნენ.

XS
SM
MD
LG