პარლამენტის ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ ისაუბრა ფრაქციის თავმჯდომემ, თინა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, კომისიამ ორ კითხვას უნდა გასცეს პასუხი:
- იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში;
- იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.
"საგამოძიებო კომისიასთან ერთად, ჩვენ მივმართავთ სხვა საპარლამენტო ბერკეტებს და ვთხოვთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ერთობლივი ძალისხმევით მოვითხოვოთ ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, რათა მომავალში ჩვენი ქვეყანა უფრო მომზადებული შეხვდეს მსგავს კატასტროფას და შევძლოთ ადამიანური დანაკარგის მინიმუმამდე შემცირება", - თქვა ბოკუჩავამ.
მსგავსი ინიციატივა ჰქონდა პარტიის, "ხალხისთვის", ლიდერს, ანა დოლიძეს:
"ჩვენ დანამდვილებით უნდა გავიგოთ, თუ რამ გამოიწვია, რომ ის ადრეული შეტყობინების სისტემები არ იყო, ჩვენ მოახლოებული სტიქიის შესახებ დროულად ვერ გავიგეთ, რამ გამოიწვია ის, რომ ხელისუფლება კლიმატური ცვლილებების ზეგავლენის შეფასებასთან დაკავშირებით ნაბიჯებს არ დგამდა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ყველამ, ვინც ბოლო პერიოდის განმავლობაში „ქართული ოცნების“ სათავეში იყო".
მმართველი პარტიის წევრი და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ "მომხდარი უბედურების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უზნეობაა და ამ უზნეობის პარლამენტის კედლებში გადმოტანა საქართველოსთვის დამაზიანებელი იქნება".
"უნდათ საგამოძიებო კომისიის ბერკეტის გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური ამოცანები განახორციელონ, რისი არც წინაპირობა და არც საფუძველი არ არსებობს. ტრაგედიის გამოყენების თვალსაზრისით თავი იმდენჯერ შეირცხვინეს, რომ არ მგონია, რომ აღნიშნული საკითხი განხილვის საგნად უნდა იქცეს", - თქვა მან.
შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. სტიქიის ზონიდან 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა მინიმუმ 21 ადამიანი, ეძებენ 12-ს.