Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

OSF-ი უნგრეთის ორგანიზაციებს აფრთხილებს "ძალიან შეზღუდულ" რესურსებზე ევროპისთვის

ჯორჯ სოროსი
ჯორჯ სოროსი

"ღია საზოგადოების ფონდმა" (OSF-ი) უნგრეთში თავის მიერ მხარდაჭერილ ორგანიზაციებს შეატყობინა OSF-ის საბჭოს ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკავშირში ფონდის მუშაობის დიდი წილი, ფაქტობრივად, წყდება, რათა რესურსები მსოფლიოს სხვა რეგიონებს მოხმარდეს, - იუწყება რადიო თავისუფლების უნგრული სამსახური.

OSF-ის რესურსები ევროპისთვის "უაღრესად შეზღუდული" იქნება, - წერია ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის 11 აგვისტოს გაგზავნილ წერილში.

OSF-ს, რომელსაც ადრე "ღია საზოგადოების ინსტიტუტის" სახელით იცნობდნენ, ასობით მილიონი დოლარი აქვს დახარჯული მსოფლიოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე. ორგანიზაცია შეიქმნა თავისი უნგრული წარმოშობის ხელმძღვანელის, ჯორჯ სოროსის მიერ გამოყოფილი მილიარდობით დოლარის მოცულობის ფონდის ბაზაზე.

OSF-ის პრესმდივანი რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს სტრატეგიულ რეორგანიზაციას და აცხადებს, რომ ფონდი "გააგრძელებს ევროპაში სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების დაფინანსებას", მათ შორის ჯგუფებისა, რომლებიც მუშაობენ ევროკავშირის საგარეო საქმეებზე და ბოშათა თემების მხარდაჭერაზე.

"ჩვენ ასევე დავრჩებით დამფინანსებლები ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და ანგარიშვალდებული მთავრობისა რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებით უკრაინაში, მოლდოვაში, ყირგიზეთში და დასავლეთ ბალკანეთში, ჩვენი ეროვნული ფონდების მეშვეობით", - აცხადებს OSF-ის პრესმდივანი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი პარტიის, "ფიდესის", ბევრი წარმომადგენელი აკრიტიკებენ სოროსის როლს რეგიონში, ისევე როგორც "ღია საზოგადოების" ხანგრძლივ ძალისხმევას ყოფილ საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში, ხელი შეუწყოს განათლებას, სამართალს და დამოუკიდებელ მედიას.

OSF-მა იქ თავისი ოფისები 2018 წელს დახურა და ბერლინში გადავიდა, რის მიზეზადაც დაასახელა "მზარდად რეპრესიული პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო უნგრეთში".

ჯორჯ სოროსმა, რომელიც ამჟამად 93 წლისაა, მიმდინარე წელს თავისი შვილი, ალექსანდრ სოროსი, დანიშნა "ღია საზოგადოების ფონდების" ხელმძღვანელად.

XS
SM
MD
LG