მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სინანულს გამოხატავს იმის გამო, რომ გული ატკინა დათო ჯელაძეს, შოვში მეწყერს გადარჩენილ ახალგაზრდა კაცს. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტელეფონით ესაუბრა და შემდეგ შეხვდა ჯელაძეს.
"იყო ბრიფინგი, სადაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მაჩვენა ფოტო, რომელიც მე პირველად ვნახე. თქვენ იცით, რომ ძალიან ხშირად ვრცელდება სოციალურ ქსელებში სრულიად ყალბი ფოტოები. აქედან გამომდინარე, მე არც ვიცოდი, ვის მიერ იყო დადებული, ზუსტად რა იყო ასახული. აქედან გამომდინარე, კითხვა დავსვი იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეეფერებოდა სიმართლეს ეს ფოტო და იქ აღწერილი მოცემულობა. გავერკვიე ყველაფერში... სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, ეს არის ძალიან დასანანი..." - თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
ორი დღის წინ ირაკლი კობახიძემ ეჭვქვეშ დააყენა დავით ჯელაძის მონაყოლი, დღეს კი თქვა, რომ ახალგაზრდა კაცმა "თავის თავს აჯობა".
"მე ჯერ მქონდა სატელეფონო საუბარი დათო ჯელაძესთან, შემდეგ შევხვდი მას. პირველი რაც მინდა გითხრათ, ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ - დათო არის გულიანი, ვაჟკაცი, რაჭველი კაცი. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რაც მას გადახდა. წარმოუდგენელი ისტორიაა. რეალურად, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დისშვილი გაეყვანა უსაფრთხო ტერიტორიაზე. თავის თავს აჯობა, ისეთი გზა აქვს გამოვლილი თავის პატარა დისშვილთან ერთად. წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული..."
შოვში მომხდარი სტიქიიდან მე-11 დღეს მმართველი პარტიის ოფისში პრესკონფერენცია გამართა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან განაცხადა, რომ 3 აგვისტოს "ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ".
"იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტიქია იყო მყისიერი... საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი", - თქვა კობახიძემ 14 აგვისტოს.
ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მან დავით ჯელაძის შესახებაც ილაპარაკა.
"მე ვერ გეტყვით ამ ფოტოზე, გადავამოწმებ, არ ვიცი. რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, ეს არ ვიცი, იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა, იქ ბევრი ადამიანი დარჩა. ჩვენ ვიყავით მეორე დღეს მაგ ტერიტორიაზე და იქ გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი. ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი. არ ვიცი, მე უბრალოდ ვერ გეტყვით მაგასთან დაკავშირებით", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის ამ განცხადებას შოვში მეწყერს გადარჩენილი ადამიანების კრიტიკა მოჰყვა.
შოვში მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, განვითარდა. სამაშველო ვერტმფრენი ადგილზე შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ ჩაფრინდა. მოხდა 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია, ნაპოვნია 26 ადამიანის ცხედარი, 7-ს კი ეძებენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შოვის სტიქიის შესახებ თავის პირველ კომენტარში 13 აგვისტოს მედიასთან ილაპარაკა იმაზე, რატომ არ გამოიყენეს ვერტმფრენები 3 აგვისტოს ღამეს:
"არის ძალიან დიდი რისკი, ასე ვთქვათ. თუ მართლა ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება იმ წამს რაღაც, პილოტებმა რომ გარისკოს, არ არის მიზანშეწონილი და არ არის დაშვებული. არ შეიძლება, უბრალოდ", - თქვა მინისტრმა.