Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთმა სანქციები დააწესა რუსეთის "ტაქტიკური სარაკეტო შეიარაღების" ხელმძღვანელის წინააღმდეგ


ბორის ობნოსოვი
ბორის ობნოსოვი

ჩეხეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის „ტაქტიკური სარაკეტო შეიარაღების კორპორაციის“ ხელმძღვანელ ბორის ობნოსოვს, ასევე - მის ქალიშვილს, ოლგა ზორიკოვას და სიძეს, როსტისლავ ზორიკოვს. როგორც ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული ანტიკორუფციული ფონდის გამოძიებაშია ნათქვამი, ობნოსოვი და მისი ნათესავები ჩეხეთში ძვირადღირებულ უძრავ ქონებას ფლობენ.

ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტერში ნავალნის თანამებრძოლმა გეორგი ალბუროვმა გაავრცელა.

"ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის რეჟიმისთვის იარაღის წარმოებაში ან სარგებლობენ ამით", - განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ.

რუსების წინააღმდეგ ჩეხეთის მიერ დაწესებული სანქციების სიაში შეყვანა ნიშნავს ჩეხეთში შესვლისა და ბინადრობის აკრძალვას, ჩეხეთის იურიდიული პირების მეშვეობით ნებისმიერი ფინანსური გარიგების განხორციელების შეუძლებლობას და ქვეყანაში ნებისმიერი აქტივების გაყინვას.

ობნოსოვსა და ზორიკოვამდე, ჩეხეთმა სანქციები დაუწესა რუსეთის პატრიარქ კირილეს, ბიზნესმენსა და კორპორაცია AFK Sistema-ს დამფუძნებელ ვლადიმირ ევტუშენკოვსა და მის ვაჟ ფელიქს ევტუშენკოვს.

ბორის ობნოსოვის "ტაქტიკური სარაკეტო შეიარაღების ჰოლდინგის" წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებია დაწესებული.

ნავალნის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის თანახმად, რუსეთის მთავარი რაკეტმწარმოებლის სიძის, როსტისლავ ზორიკოვის სახელზე პრაღის ისტორიულ უბანში გაფორმებულია 6 მილიონი ევროს ღირებულების ოთხსართულიანი სახლი. გარდა ამისა, ზორიკოვი პრაღაში ფლობს 140 კვადრატული მეტრის ფართის პენტჰაუსს, რომლის ღირებულებაც თითქმის მილიონ ევროზე მეტია.

მანამდე ნავალნის თანამოაზრეებმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პოლიციას მიმართეს ზორიკოვის აქტივების წარმოშობის გარკვევის მოთხოვნით, მაგრამ, მათი თქმით, მაშინ კონკრეტულ შედეგს ვერ მიაღწიეს.

XS
SM
MD
LG