Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონებში გაკეთებული პროექტების შესახებ სარეკლამო რგოლში 190 ათასი დაიხარჯება


 "მუნიციპალური განვითარების ფონდის" ერთ-ერთი პროექტი
"მუნიციპალური განვითარების ფონდის" ერთ-ერთი პროექტი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს "მუნიციპალური განვითარების ფონდი" გეგმავს ტენდერის გარეშე დაამზადებინოს კომპანიას 190 ათასი ლარის ღირებულების ვიდეორგოლი იმისთვის, რომ მოსახლეობას "სათანადო დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს" და ცნობიერება აუმაღლდეს. სავარაუდოდ, ხელშეკრულება დაიდება შპს "სეტერს ფილმსთან", შემუშავებულია სცენარიც.

"არაერთ მუნიციპალიტეტში გამოვლინდა როგორც ვანდალიზმის, ისე ახლად მოწყობილი ინფრასტრუქტურის არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ასეთი ფაქტები, დამატებით ხარჯებთან ერთად, იწვევს პროგრამის და მისი განმახორციელებელი უწყების დისკრედიტაციას. ნათელი გახდა, რომ საჭიროა მოსახლეობამ უკეთ გააცნობიეროს განახლებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვაში მათი ჩართულობის საჭიროება და მნიშვნელობა", - ასე ხსნის "მუნიციპალური განვითარების ფონდი" ვიდეორგოლის გადაღების აუცილებლობას.

შპს "სეტერს ფილმსი" შეთავაზებულ სცენარში აღნიშნავს, რომ ვიდეორგოლში ნაჩვენები იქნება "განახლებული რეგიონების პროექტის დადებითი გავლენა ადგილობრივების ყოველდღიურობაზე":

"სხვადასხვა პერსონაჟის ავთენტური თხრობის მანერის შესაბამისად, კადრში ჩანს მხატვრული გადაწყვეტები. მეტი აქცენტი კეთდება განწყობაზე, თუმცა დეტალებში იკვეთება ლამაზი, მოწესრიგებული, მოპირკეთებული გარემო. რგოლის ნახვის შემდეგ, უნდა დარჩეს განცდა, რომ პატარ-პატარა განახლებები ადამიანების განწყობას ცვლის უკეთესობისკენ".

ამ ვიდეორგოლების განთავსება იგეგმება სატელევიზიო ეთერებშიც. სწორედ ასე აპირებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამიზნე აუდიტორიის მოცვას.

XS
SM
MD
LG