Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი Mi-8 უკრაინაში გადაფრინდა


რუსეთის არმიის ვერტმფრენი Mi-8 (საილუსტრაციო ფოტო).
რუსეთის არმიის ვერტმფრენი Mi-8 (საილუსტრაციო ფოტო).

როგორც რუსული, ისე უკრაინული წყაროების თანახმად, რუსეთის ვერტმფრენი Mi-8 გარკვეული ხნის წინ რუსეთიდან უკრაინაში ჩაფრინდა და უკრაინის ერთ-ერთ აეროდრომზე დაეშვა. წყაროები განსხვავებულად აფასებენ ინციდენტის მიზეზებს. მომხდარის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.

რუსულმა ტელეგრამის არხმა FighterBomber-მა ოთხშაბათს დაწერა, რომ ვერტმფრენი „რამდენიმე კვირის წინ გაუჩინარდა“. მისი თქმით, რატომღაც ვერტმფრენმა რაღაც მიზეზის გამო დაკარგა ორიენტაცია და გაფრინდა უკრაინაში, ეკიპაჟმა დაინახა აეროდრომი და დაჯდა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო პოლტავა. როდესაც ვერტმფრენმა აფრენა სცადა, მას ესროლეს, პილოტი დაიჭრა, ეკიპაჟის კიდევ ორი წევრი კი სავარაუდოდ დაიღუპა.

უკრაინელმა ჟურნალისტმა იური ბუტუსოვმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში წყაროებზე დაყრდნობით დაადასტურა, რომ რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი უკრაინის ერთ-ერთ საჰაერო ბაზაზე ჩაფრინდა „გარკვეული ხნის წინ“. მაგრამ თქვა, რომ ეს არ შეიძლება ყოფილიყო ნავიგაციის შეცდომა, რადგან პოლტავის აეროდრომი არის ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 300 კილომეტრში და ასეთი გადაფრენა კარგად უნდა ყოფილიყო მომზადებული. ბუტუსოვის თქმით, ვერტმფრენი სრულიად უვნებელია.

შემდეგ „უკრაინსკაია პრავდამ“ გაავრცელა ინფორმაცია სპეცსამსახურების წყაროებზე დაყრდნობით, რომ ეს იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია, რომელიც ექვს თვეზე მეტ ხანს მიმდინარეობდა: უკრაინის დაზვერვამ უკრაინაში „გამოიტყუა“ Mi-8-ის პილოტი. მისი ოჯახი წინასწარ გაიყვანეს რუსეთიდან. ვერტმფრენი რეისს ასრულებდა რუსეთის ორ საჰაერო ბაზას შორის და გადაჰქონდა ავიაგამანადგურებლების ნაწილები. ის დაეშვა, სავარაუდოდ, ხარკოვის რეგიონში (ანუ არა პოლტავაში, არამედ სხვა აეროდრომზე, საზღვართან უფრო ახლოს). ეკიპაჟის დანარჩენმა ორმა წევრმა არ იცოდა, სად მიფრინავდა სინამდვილეში ვერტმფრენი; როგორც იტყობინებიან, სპეცოპერაციის შედეგად ისინი დახოცეს. ამასთან, ცნობიდან არ ირკვევა, იყო თუ არა ეკიპაჟის მეთაური უკრაინის დაზვერვის მიერ გადაბირებული.

ასევე გამოქვეყნდა ვერტმფრენის ფოტო, რომელზეც არის სავარაუდოდ ლაპარაკი. „უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, მანქანა „უკვე კიევშია“.

FighterBomber-მა ამ პუბლიკაციის შემდეგ დაწერა კიდევ ერთი პოსტი, რომელშიც ის დაბეჯითებით ამტკიცებს მოვლენების საკუთარ ვერსიას და, სხვა საკითხებთან ერთად, აცხადებს, რომ ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების ოჯახები რუსეთში არიან და რომ პოლტავაში იგულისხმებოდა არა ქალაქი, არამედ სოფელი ხარკოვის ოლქში.

როგორც „ჰრომადსკე“ იტყობინება, უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრი იუსოვმა ზოგადად დაადასტურა „უკრაინსკაია პრავდას“ მიერ წარმოდგენილი მოვლენების ვერსია, მაგრამ პირობა დადო, რომ ოფიციალური ცნობა მოგვიანებით გავრცელდება.

XS
SM
MD
LG