Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინმა ირიბად დაადასტურა ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი


ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და ევგენი პრიგოჟინი. სანქტ-პეტერბურგი. 20 სექტემბერი, 2010 წელი
ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და ევგენი პრიგოჟინი. სანქტ-პეტერბურგი. 20 სექტემბერი, 2010 წელი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ირიბად დაადასტურა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ტვერის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფაში.

„პრიგოჟინს ვიცნობდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, 90-იანი წლების დასაწყისიდან. ის იყო რთული ბედის ადამიანი. სერიოზულ შეცდომებსაც უშვებდა და საჭირო შედეგებსაც აღწევდა, საკუთარი თავისთვისაც და მაშინაც, როცა მას ამაზე ვთხოვდი ხოლმე, როგორც ამ ბოლო თვეებში. იყო ნიჭიერი ადამიანი, ნიჭიერი ბიზნესმენი“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა ასევე მიუსამძიმრა ავიაკატასტროფაში ყველა დაღუპულის ოჯახებს და თქვა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდართან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება დაიწყო. მისი სიტყვებით, პირველადი მონაცემები მოწმობს, რომ ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში „ვაგნერის“თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

„ავიაკატასტროფის გამოძიება სრული მოცულობით ჩატარდება და ბოლომდე იქნება მიყვანილი“, - დაასკვნა მან.

23 აგვისტოს საღამოს ტვერის რეგიონში ჩამოვარდა „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი. ბიზნესჯეტი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. მასში იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის სამი წევრი. ტვერის მახლობლად, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე, სამძებრო ოპერაცია დასრულდა. ნაპოვნია თვითმფრინავში მყოფი ათივე ადამიანის გვამები.

ორი თვის წინ „ვაგნერის“ ქვედანაყოფებმა პრიგოჟინის მეთაურობით მოაწყვეს შეიარაღებული მარში მოსკოვზე, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებამ ამბოხების კვალიფიკაცია მისცა. ამასთან, „ვაგნერელებმა“ ჩამოაგდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე თვითმფრინავი და ვერტმფრენი. ამბოხების მიზეზი იყო მწვავე კონფლიქტი პრიგოჟინსა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის. პრიგოჟინმა დაიწყო პოლიტიკური მოთხოვნების წამოყენებაც.

მაშინ პრიგოჟინი არ დაუპატიმრებიათ, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამბოხებას „ზურგში დანის ჩაცემა“ უწოდა და პირობა დადო, რომ ყველა „მოღალატე“ დაისჯება.

"ეფესბემ" გამოაცხადა, რომ შეწყდა „ვაგნერის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, რომელიც კერძო სამხედრო კომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით განხორციელებული რეიდის შემდეგ აღიძრა.

„ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები ბელარუსის ავტორიტარ ლიდერ ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან მოლაპარაკებების შემდეგ ბელარუსში გადავიდნენ. მაგრამ, როგორც იტყობინებიან, პრიგოჟინი დროის უდიდეს ნაწილს კვლავაც რუსეთში ატარებდა. თუმცა მისი ადგილსამყოფელი ძირითადად გასაიდუმლოებული იყო.

მაგრამ 21 აგვისტოს პრიგოჟინმა გამოაქვეყნა ამბოხების შემდეგ პირველი ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ აფრიკაში იმყოფება. მან ახალი დაქირავებული ჯარისკაცების აყვანის შესახებ განაცხადა.

ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის ნაცნობია. მან პოპულარობა მოიპოვა, როგორც სარესტორნო ბიზნესის ორგანიზატორმა (კრემლის მომსახურების გამო მას ეძახდნენ „პუტინის მზარეულს“); შემდგომში პრიგოჟინმა და უტკინმა ჩამოაყალიბეს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ - არაფორმალური შეიარაღებული ქვედანაყოფი, რომელიც იბრძოდა კრემლის ინტერესებისთვის სირიაში, აფრიკაში და შემდეგ უკრაინაში. შარშან პრიგოჟინმა „ვაგნერში“ ათიათასობით პატიმარი აიყვანა რუსეთის კოლონიებიდან. დაქირავებულები წარმატებას აღწევდნენ ფრონტზე - კერძოდ, გაზაფხულზე მათმა რაზმებმა აიღეს ბახმუტი. მათ ბრალი ედებათ სხვადასხვა სამხედრო დანაშაულის ჩადენაში.

XS
SM
MD
LG