Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

The Guardian: უკრაინის სტრატეგია ნატოს სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ შეიცვალა


ფოტო არქივიდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი.
ფოტო არქივიდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი.

„გარდიანი“ (The Guardian) წერს, რომ უკრაინის კონტრშეტევის ახლებური სტრატეგია 15 აგვისტოს, ნატოს სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე შეთანხმდა, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე. კიევიდან 300 მილის მანძილზე, თავის გუნდთან ერთად ჩავიდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, 5-საათიან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ბრიტანეთის არმიის სარდალი, ადმირალი ენტონი რადაკინი და ნატოს უმაღლესი სარდლობის (SACEUR) ხელმძღვანელი, ამერიკელი გენერალი კრისტოფერ კავოლი.

„გარდიანი“ წერს, რომ მანამდე რადაკინი ჩასული იყო კიევში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად.

უცნობია კონკრეტული ადგილი, მაგრამ გენერალ ზალუჟნისთან გამართული შეხვედრა არ გასაიდუმლოებულა. ამის შესახებ, 18 აგვისტოს, ტვიტერზე თავად ენტონი რადაკინმაც დაწერა. ის მიუთითებს, რომ 5-საათიანი შეხვედრის მთავარი თემები იყო კონტრშეტევა და გეგმები 2024 წლის ზამთრისთვის.

„რუსეთი არასათანადოდ აფასებს უკრაინის მდგრადობას, განგრძობად სამხედრო სიძლიერესა და პროფესიონალიზმს და მოკავშირეების სოლიდარობას“, - აღნიშნავს ტვიტერზე ბრიტანეთის არმიის სარდალი.

„ვფიქრობ, ხედავთ, რომ მოხდა მათი [უკრაინელების სამხედრო ძალის] კონცენტრირება ზაპოროჟიეს ფრონტზე“, - უთხრა „გარდიანს“ ინფორმირებულმა წყარომ და დაამატა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ტოკმაკისკენ დაძვრა აზოვის ზღვისკენ უფრო ინტენსიური წინსვლის დაწყებაზე მიუთითებს.

ბოლო დღეებში საერთაშორისო მედია ხშირად აღნიშნავდა, რომ აშშ-დან უკრაინა იღებდა შენიშვნებსა და რეკომენდაციებს კონტრშეტევის ნაკლებად წარმატებულ სტრატეგიასთან დაკავშირებით.

The New York Times-ის ცნობით, ამ თემასთან დაკავშირებით გენერალ ზალუჟნისთან გამართულ სატელეფონო კონფერენციას, 10 აგვისტოს, აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან ერთად, ბრიტანეთის არმიის სარდალი, ენტონი რადაკინიც ესწრებოდა. ამ შეხვედრაზე ითქვა, რომ საჭიროა ძალების კონცენტრირება „ერთ მთავარ ფრონტზე“.

ოფიციალური თუ არაოფიციალური წყაროები ბოლო დღეებში ხაზს უსვამენ უკრაინელი სამხედროების სულ უფრო აშკარა და თანმიმდევრულ წინსვლას სამხრეთის ფრონტზე - ქალაქ ტოკმაკისკენ. 25 აგვისტოს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.

XS
SM
MD
LG