ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყნის მიერ უკრაინის მარცვლეულის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები არ უნდა გახანგრძლივდეს - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ 28 აგვისტოს, პრაღაში ვიზიტისას.
კულებას თქმით, უკრაინა მტკიცედ ეწინააღმდეგება ნებისმიერ გახანგრძლივებას აკრძალვისა ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირის თესლის იმპორტზე, ამჟამად დაწესებული ბოლო ვადის, 15 სექტემბრის მიღმა - რადგან ეს არღვევს საერთო ბაზრისა და უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების წესებს.
"ჩვენ ამას აბსოლუტურად, გადაჭრით ვეწინააღმდეგებით, რადგან ეს ნაბიჯი დაარღვევს ერთიანი ბაზრის წესებს" - უთხრა კულებამ ჟურნალისტებს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იან ლიპავსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
ევროკავშირმა მიმდინარე წელს დააწესა შეზღუდვები, რათა შეემსუბუქებინა ზედმეტი მიწოდება ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში - მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებმა დაიჩივლეს, რომ უკრაინის უფრო იაფი მარცვლეული ადგილობრივ პროდუქციას მომგებიანობას უკარგავდა. ევროკავშირის მხრიდან დაწესებულ შეზღუდვებს თავდაპირველად ვადა 5 ივნისს ეწურებოდა, შემდეგ კი ისინი 15 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.
ევროკავშირის ამ ხუთმა სახელმწიფომ გასულ თვეში ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას, რომ სურთ აკრძალვა 2023 წლის ბოლომდე დარჩეს ძალაში - თუმცა არ ეწინააღმდეგებიან მათი ტერიტორიების გამოყენებას საკვები პროდუქტების სხვა ქვეყნებში გადაზიდვის მიზნით.