Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი მაკრონი ვერ ხედავს პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშის ადგილს


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მაშინ, როცა რუსეთი ომის დანაშაულს სჩადის, ოლიმპიადაზე მისი დროშის ადგილი არ არის.

საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი 2024 წლის ივლისსა და აგვისტოში უმასპინძლებს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს. პრეზიდენტმა მაკრონმა ფრანგულ სპორტულ გამოცემა L'Équipe-სთან ინტერვიუში თქვა, რომ პარიზის ოლიმპიადაზე რუსეთის დროშა ვერ იქნება და ამაზე კონსენსუსი არსებობს.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი ოლიმპიური სამყაროს გადასაწყვეტად მიიჩნევს საკითხს, რუსი სპორტსმენებიდან ვინ არის რუსეთის ხელისუფლების ქმედებების თანამონაწილე და ვინ - რეჟიმის მსხვერპლი და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სამართლიანი და უკრაინელებისთვის გასაგები გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

2023 წლის მარტში, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, რუსეთის და მისი მოკავშირე ბელარუსის სპორტსმენები ასპარეზობას შეძლებენ მხოლოდ ნეიტრალური დროშით და მხოლოდ ინდივივიდუალურ შეჯიბრებებში. ამასთან, ეს სპორტსმენები არ უნდა იყვნენ უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდამჭერები და კავშირი არ უნდა ჰქონდეთ რუსეთის და ბელარუსის შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან. რუსეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ამ გადაწყვეტილებას მიუღებელი და დისკრიმინაციული უწოდა.

უკრაინა და მსოფლიოს სხვა ათეულობით სახელმწიფოს კოალიცია მოითხოვს, რომ რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენებს პარიზის ოლიმპიადაში მონაწილეობა საერთოდ აუკრძალონ.

XS
SM
MD
LG