Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არძინბა: „აფხაზეთი შესაძლოა გეოპოლიტიკის განაპირას აღმოჩნდეს“


ინალ არძინბა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი
ინალ არძინბა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების თაობაზე გააკეთა კომენტარი.

დღეს, მათ შორის სავაჭრო ბრუნვა 2,5 მილიარდი დოლარია. რამდენი იქნება ხვალ, საჰაერო მიმოსვლის ამოქმედებისა და უვიზო რეჟიმის გათვალისწინებით? ეს ყველაფერი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენზე და ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩნდებით გეოპოლიტიკის განაპირას“, - განაცხადა არძინბამ გულრიფშის რაიონის აქტივისტებთან შეხვედრაზე.

მისი სიტყვებით, რუსეთში არსებული ქართული დიასპორა აქტიურად მუშაობს რუსეთში საქართველოს ჰუმანიტარული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების გასაძლიერებლად.

ჩვენ ამ კონკურენციაში არ უნდა დავმარცხდეთ, ამისთვის ეფექტურად, ჰარმონიულად და დინამურად მუშაობაა საჭირო. ჩვენ დაბალი კონკურენტუნარიანობის უფლება არ გვაქვს. მორიგ ჯერზე ვიმყოფებით ისტორიულ გზაჯვარედინზე. დღეს წყდება, ჩვენი სახელმწიფოს ხვალინდელი დღე“, - აღნიშნა არძინბამ.

მანვე, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ „საკითხის განხილვასთან თანმდევმა საინფორმაციო გაშუქებამ“ ზიანი მიაყენა აფხაზურ-რუსულ დიალოგს. რუსეთი კი, მისი თქმით, „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის ბირთვია“.

„თუ რუსეთთან ურთიერთობა დავკარგეთ, დავკარგავთ ჩვენს მთავარ მოკავშირეს და მსოფლიო ძალას“, - აღნიშნა არჩინბამ.

მისივე თქმით, აფხაზეთმა ეკონომიკური ზრდის ახალ წყაროებზე უნდა იფიქროს. არძინბამ დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ამ საკითხისადმი მხარდაჭერისკენ მოუწოდა, იუწყება ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი.

  • რუსეთი საქართველოს რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორია. 2023 წლის იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვამ 848 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასულ წელთან შედარებით 51%-ით მეტია.
  • რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები წლების განმავლობაში იყო შეწყვეტილი, 2023 წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
  • დოკუმენტს ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის კომპლექსის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2022 წლის 19 იანვარს მოსკოვში მოეწერა ხელი. შეთანხმების საგანია ბიჭვინთაში არსებული ყოფილი სახელმწიფო აგარაკის მე-8, მე-9 და მე-10 კომპლექსების, ასევე "კაგებეს" მე-9 სამმართველოს განკარგულებაში მყოფი სამხედრო ქალაქის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს ბიჭვინთის ნაკრძალის 186 ჰექტარი მიწის 49 წლით იჯარით და მასთან ერთად ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის, გადაცემის საკითხსაც. აფხაზური ოპოზიციის და საზოგადოების წარმომადგენლები მიუღებლად მიიჩნევენ ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების შესრულებას.

XS
SM
MD
LG