Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა და კიმ ჩენ ინმა დელეგაციების შეხვედრის შემდეგ პირისპირ მოლაპარაკება დაიწყეს


რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“. 2023 წლის 13 სექტემბერი
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“. 2023 წლის 13 სექტემბერი

რუსეთის ამურის ოლქში დასრულდა პრეზიდენტ პუტინის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის შეხვედრა სამთავრობო დელეგაციების მონაწილეობით. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოების ცნობით, კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ შეხვედრა საათზე მეტხანს მიმდინარეობდა, მისი დასრულების შემდეგ კი, პუტინმა და კიმ ჩენ ინმა საუბარი პირისპირ გააგრძელეს.

ფხენიანის დელეგაციასთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ რუსეთის თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები შოიგუ და ლავროვი.

კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი და კიმ ჩენ ინი არ გეგმავენ რაიმე დოკუმენტის, მათ შორის ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერას.

როგორს სააგენტო „ტასი“ წერს, პესკოვს ჰკითხეს აშშ-ის განცხადებებზე, რომ მოსკოვი ფხენიანისგან იარაღის შეძენას აპირებს. პუტინის პრესმდივნის თქმით, რუსეთი და ჩრდილოეთი კორეა ურთიერთობებს ააგებენ ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ ურთიერთობების სრული კომპლექსი ითვალისწინებს ურთიერთქმედებას მგრძნობიარე სფეროებში, მათ შორის სამხედრო სფეროში.

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საფუძველზე აკრძალულია ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო თანამშრომლობა. რუსეთი საბჭოს მუდმივი წევრია.

2023 წლის აგვისტოში, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებას იარაღის შესაძენად, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს.

კირბის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ, რომელიც ივლისის ბოლოს ფხენიანში იმყოფებოდა, ცდილობდა ჩრდილოეთ კორეა დაერწმუნებინა რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალების მიყიდვის აუცილებლობაში. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა გაცვალეს წერილები, რომლებშიც საუბარია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე. ჯონ კირბის ცნობით, ამის შემდეგ ფხენიანში გაემგზავრა რუსი მაღალჩინოსნების კიდევ ერთი ჯგუფი. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ დელეგაციის მიზანი იყო მოსკოვის და ფხენიანის პოტენციური გარიგების განხილვა.

კიმ ჩენ ინი რუსეთში 12 სექტემბერს ჩავიდა. მისი და პრეზიდენტ პუტინის წინა შეხვედრა 2019 წლის აპრილში ვლადივოსტოკში გაიმართა.

XS
SM
MD
LG