Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი კიევიდან გააკონტროლებს უკრაინის მიერ ამერიკული სამხედრო დახმარების გამოყენებას

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს შენობა
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს შენობა

პენტაგონმა შექმნა ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს უკრაინის მიერ ამერიკული სამხედრო დახმარების გამოყენებას. ტელეკომპანია CNN-ი შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექტორზე დაყრდნობით წერს, რომ აგვისტოს ბოლოდან კიევში მუშაობა დაიწყო ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, ჯგუფის სხვა წევრები კი უკრაინაში სექტემბრის ბოლოს ჩავლენ.

პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის სექტემბრის პირველი კვირის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 43,7 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.

ბოლო ხანს აშშ-ში სულ უფრო მეტი რესპუბლიკელი კანონმდებელი მოითხოვს უკრაინის მიერ ამ დახმარების გამოყენებაზე კონტროლის გაძლიერებას. დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის დასახმარებლად კონგრესს ახლახან სთხოვა დამატებით 24 მილიარდი დოლარი, მათ შორის 13 მილიარდი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

2023 წლის ივლისში ამერიკული მედია წერდა პენტაგონის გენერალური ინსპექტორის მოხსენებაზე, რომლის თანახმად, ომის დაწყებიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში ამერიკელებს უკრაინისთვის გაგზავნილი იარაღის, საბრძოლო მასალების და ტექნიკის გამოყენების მონიტორინგი უჭირდათ და იყო იარაღის სხვის ხელში აღმოჩენის ცალკეული შემთხვევები, თუმცა შემდეგ კონტროლის მექანიზმი დაიხვეწა.

​
XS
SM
MD
LG