გარდაიცვალა მოლდოვის პირველი პრეზიდენტი მირჩა სნეგური. ამის შესახებ Newsmaker-ი კონსტანტინ ტამპიზაზე, 1991-1992 წლებში მოლდოვის ვიცე-პრემიერზე, დაყრდნობით იუწყება.
82 წლის მირჩა სნეგური 13 სექტემბრის საღამოს გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. პოლიტიკოსს კიშინიოვის ცენტრალურ სასაფლაოზე სახელმწიფო პატივით დაკრძალავენ. ამის შესახებ მოლდოვის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა. სნეგურის სიკვდილთან დაკავშირებით, მან 16 სექტემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.
"ბატონი სნეგური ისტორიულ პერიოდში ცხოვრობდა და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მოლდოვის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის ხელშეწყობაში. მირჩა სნეგური ჩვენს ხსოვნაში დარჩება, როგორც ადამიანი, რომელიც მოლდოვის დამოუკიდებლობის აკვანთან იდგა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს, ნათესავებს და ყველას, ვინც იცნობდა და აფასებდა მირჩა სნეგურს", - წერს მაია სანდუ.
საბჭოთა კავშირის დაშლას მირჩა სნეგური შეხვდა, როგორც საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს დეპუტატი. იყო მოლდოვის XIV მოწვევის პარლამენტის წევრი.
1990 წლის სექტემბრიდან 1996 წლის დეკემბრამდე მირჩა სნეგური მოლდოვის პრეზიდენტი იყო. იგი აქტიურად უჭერდა მხარს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებდა რუმინული ენისთვის ოფიციალური სტატუსის მიცემას.
2000 წელს მირჩა სნეგურს მიენიჭა რესპუბლიკის ორდენი.
დაწერეთ კომენტარი