Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში „უნიკალური სპეცოპერაცია“ უწოდეს ყირიმზე დღევანდელ შეტევას


ანექსირებული ყირიმის ქალაქ ევპატორიასთან დღევანდელი შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვის და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა გამოცემებს, Українська правда-ს და РБК-Україна-ს და BBC-ს უკრაინულ სამსახურს.

წყაროს თანახმად, „უნიკალური სპეცოპერაციის“ შედეგად რუსეთმა დაკარგა საჰაერო თავდაცვის სისტემა „ტრიუმფი“, რომლის ღირებულება 1,2 მილიარდი დოლარია.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, რომლის ვინაობას გამოცემები არ ასახელებენ, აცხადებს, რომ „ტრიუმფს“ ჯერ დრონებით შეუტიეს და რადარები და ანტენები დაუზიანეს, რადიოლოკაციური სადგურების მწყობრიდან გამოყვანის შემდეგ კი, რაკეტებით „ნეპტუნი“ დაარტყეს გამშვებ კომპლექსებს, С300/400 „ტრიუმფი“.

„ტრიუმფი“ საშუალო და შორ მანძილზე მოქმედების, ახალი თაობის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია.

დღეს, 14 სექტემბერს დილით, ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ცნობები, რომ რამდენიმე აფეთქება მოხდა ანექსირებული ყირიმის ქალაქ ევპატორიის რაიონში.

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „აღკვეთეს კიევის რეჟიმის მცდელობა, თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“. თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ „ყირიმის რესპუბლიკის თავზე გაანადგურეს" 11 უპილოტო საფრენი აპარატი. რომელ რაიონში და რა შედეგი მოჰყვა დრონების განადგურებას, დაკონკრეტებული არ ყოფილა.

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი ადგილობრივ მცხოვრებთაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა, რომ აფეთქება იყო ქალაქ ევპატორიის დასავლეთით მდებარე სოფელ უიუტნოესთან, სადაც რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილია დისლოცირებული.

XS
SM
MD
LG