Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა დამნაშავეობრივი გაერთიანების მეთაურს


ასლან გაგიევი სასამართლო პროცესზე
ასლან გაგიევი სასამართლო პროცესზე
სამხრეთის საოლქო-სამხედრო სასამართლომ დონის როსტოვში, შრომა-გასწორების საგანგებო რეჟიმის კოლონიაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ასლან გაგიევს, რომელიც მოიხსენიება „კრიმინალურ ავტორიტეტად.“
გაგიევი დამნაშავედ ცნეს დამნაშავეობრივი დაჯგუფების ორგანიზებაში, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ორი ან მეტი პირის მკვლელობაში, ბანდიტიზმში და სხვა დანაშაულებში.
გამოძიების მონაცემების თანახმად, გაგიევმა მოსკოვსა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა-ალანიაში შექმნა დამნაშავეობრივი გაერთიანება, რომელშიც 50-მდე ადამიანი შედიოდა.
"კავკაზ.რეალიის" თქმით, გაგიევის დაჯგუფება 40-ზე მეტ წევრს ითვლიდა და არსებობდა 9 წლის განმავლობაში - 2004-დან 2013 წლამდე. დაჯგუფებას მიაწერენ დაახლოებით 60 მკვლელობას მოსკოვში, მოსკოვის შემოგარენსა და ჩრდილოეთ ოსეთში. მოკლულთა შორის იყვნენ რუსეთის პოლიციის სამი, პროკურატურის ერთი და საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის კონტრდაზვერვის თანამშრომელი.
გაგიევმა აღიარა ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერის, კაზბეკ პაგიევის მკვლელობა და დანაშაულის შემკვეთად დაასახელა სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი "ერთიანი რუსეთიდან", ზურაბ მაკიევი. ის გამოძიებისგან მოითხოვდა, ოფიციალურად დაესახელებინათ ყველა, ვინც მას უკვეთდა მკვლელობებს და გაეთავისუფლებინათ "უდანაშაულოები, რომლებიც ამ საქმის გამო იყვნენ დასჯილნი".
გაგიევი დააკავეს ვენაში, 2015 წელს. სამი წლის შემდეგ მოხდა მისი ექსტრადიცია რუსეთში. გაგიევის სისხლის სამართლის საქმე როსტოვის სასამართლოში 2021 წლიდან განიხილება.
ამ დროისთვის, საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, კრიმინალური დაჯგუფების 37 წევრს, მათ შორის გაგიევს, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სხვადასხვა ვადით, შვიდზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული და კიდევ შვიდი მოკლულია "შიდა კონფლიქტების შედეგად".
გამოცემა "ვაჟნიე ისტორიი" 2021 წელს ამტკიცებდა, რომ "ეფესბეს" უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კოროლიოვი კარგად იცნობდა ასლან გაგიევს. "რუსეთიდან გამიყვანა ეფესბეს მეცხრე სამსახურის უფროსმა. მან მითხრა, რომ ვერაფრით დამეხმარებოდა და რომ "არის გამოსავალი". მომცა 10 ათასი დოლარი და გადაწყვიტა, რომ ეს არის ერთადერთი, რითაც შეეძლო ჩემი დახმარება", - განუცხადა გაგიევმა ავსტრიის სასამართლოს ("ვაჟნიე ისტორიი" ფლობს პროტოკოლის ასლს).
გაგიევი, დიდი ალბათობით, "ეფესბეს" "მეცხრე სამსახურში" გულისხმობდა საკუთარი უსაფრთხოების სამმართველოს, რომელსაც მაშინ სერგეი კოროლიოვი ხელმძღვანელობდა. "ვაჟნიე ისტორიის" რამდენიმე წყარომ დაუდასტურა, რომ კოროლიოვი და გაგიევი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. როგორც გამოცემის თანამოსაუბრეები ამბობენ, კოროლიოვი რაღაცით დავალებული ყოფილა გაგიევისგან, რომელიც მას ოდესღაც ძალიან დახმარებია კრიტიკულ ვითარებაში. რა ვითარება იყო ეს, უცნობია. გამოძიების შესახებ "ეფესბეს" მხრიდან რაიმე კომენტარი არ გაკეთებულა.
XS
SM
MD
LG