Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესებას ოპოზიციაში „ქართული ოცნების" მხილება უწოდეს


საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან სანქციების დაწესებას, საქართველოში ოპოზიციური პარტიები გამოეხმაურნენ.

ლევან ხაბეიშვილმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ სანქციების სია გრძელია და პუტინის ყველა მოკავშირე პასუხს აგებს. ის მიიჩნევს, რომ სანქციები უახლოვდება „ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

„ივანიშვილის გარემოცვაში გამოვკვეთეთ, თავად პუტინის ხელდასმული ბორენკა და კიდევ 5 ოლიგარქი... მალევე უკრაინამ, ზელენსკიმ ყველა ეს პირი დაასანქცირა. მას შემდეგ, წელიწადზე მეტი გავიდა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ 6 - დან ერთი, ბოტასების ქურდი, ივანიშვილის რჩეული პროკურორი დაასანქცირა ...

ცხადია, გაგრძელება იქნება და ბევრად უფრო საინტერესო, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია ...

მახსოვს, 2022 წლის მაისში გაკვირვებით და ცოტათი ირონიულად კითხულობდნენ, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები : მართლა გგონიათ, რომ დაასანქცირებენ თქვენს მიერ დასახელებულ პირებს .... დიახ, დიახ ასე იქნება და არის

სია გრძელია და დარწმუნებული ვარ, ყველა საქართველოს მოღალატე, პუტინის მოკავშირე აუცილებლად აგებს პასუხს ... ბიძინა - ბორენკა ხედავ, გიახლოვდებიან ..." - დაწერა ლევან ხაბეიშვილმა.

პარტია „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 14 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციის დაწესება მმართველი პარტიის მხილებად შეაფასა.

„ეს არის მთლიანად „ქართული ოცნების" მხილება... ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ხელს უწყობენ რუსეთს და არიან ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

აშშ-მა სანქციები დაუწესა 150-ზე მეტ ბიზნესმენს და სხვა სფეროს წარმომადგენელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა ხელი შეუშალოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წვდომას ტექნოლოგიებსა და ფინანსურ არხებზე, რომლებიც უკრაინაში ომის გასაგრძელებლად ეხმარება. სანქციების ამ სიაში მოხვდა ოთარ ფარცხალაძე.

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები უწესდება საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ. ის რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.

დოკუმენტის თანახმად, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორი იყო 2013 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე.

2017 წლის 12 მაისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს, ლაშა თორდიას, თავს დაესხნენ. მთავარი აუდიტორი ყოფილი მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ თავდასხმა უკავშირდებოდა თავის სამსახურებრივ მდგომარეობას.

ყოფილი მთავარი პროკურორი რამდენიმე დღეში, პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდების შემდეგ დაკითხეს საგამოძიებო უწყებაში. საბოლოოდ, 2021 წლის იანვარში საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული ყოფილი პროკურორი გაამართლა.

2022 წლის სექტემბერში უკრაინამ ფარცხალაძე ქართულ პოლიტიკურ ელიტასთან ასოცირებული 15 ადამიანის სიაში დაამატა. უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (NACP) მხარდაჭერილ ვებგვერდზე „ომი და სანქციები“ ეწერა, რომ ფარცხალაძე არის „საქართველოს სახელმწიფოს ოლიგარქიული მმართველობისა და ხელში ჩაგდების ერთ-ერთი მონაწილე“, მილიარდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის "ნდობით აღჭურვილი პირი".

5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის მიმართ. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება არა მხოლოდ ამ მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.

XS
SM
MD
LG