Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირაში ვაშინგტონში ჩავა


უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და ჯო ბაიდენი თეთრ სახლში. ვაშინგტონი, 21 დეკემბერი, 2022.
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები ვოლოდიმირ ზელენსკი (მარცხნივ) და ჯო ბაიდენი თეთრ სახლში. ვაშინგტონი, 21 დეკემბერი, 2022.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირაში ვაშინგტონში ჩასვლას და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს, იტყობინება ამერიკული მედია თეთრ სახლში წყაროებზე დაყრდნობით.

ოთხშაბათს ზელენსკი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოვა. ბაიდენთან შეხვედრა გამოსვლის შემდეგ იგეგმება.

ეს ვიზიტი ჩატარდება ბაიდენის ადმინისტრაციის მცდელობის ფონზე, მიაღწიოს კონგრესის თანხმობას კიევისთვის კიდევ ოც მილიარდ დოლარზე მეტი დახმარების პაკეტის გამოყოფაზე, რომელიც უზრუნველყოფს მიმდინარე წლის ბოლომდე უკრაინისთვის შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და ფინანსური დახმარების მიწოდებას.

ამერიკული პრესის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია ახლოს არის გადაწყვეტილების მიღებასთან უკრაინისთვის უფრო შორი რადიუსის მოქმედების ATACMS რაკეტების მიწოდებაზე. ცოტა ხნის წინ უკრაინის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი უახლოეს მომავალში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

ბოლოს პრეზიდენტი ზელენსკი ვაშინგტონს გასული წლის დეკემბერში სტუმრობდა. მაშინ კონგრესში მის გამოსვლას დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ კონგრესმენები და სენატორები.

ამერიკის კანონმდებლების დიდი უმრავლესობა კვლავაც მხარს უჭერს უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაწევას. თუმცა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, იზრდება იმ ამერიკელების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კიევის მხარდაჭერის დონე ზედმეტად მაღალია.

XS
SM
MD
LG