Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი აცხადებს, რომ პრიგოჟინის დაღუპვის გამოძიება იოლი არ არის


თვითმფრინავ Embraer ERG 135-ის კატასტროფის ადგილი
თვითმფრინავ Embraer ERG 135-ის კატასტროფის ადგილი

კრემლში არ ფიქრობენ, რომ „ნელა“ მიმდინარეობს იმ ავიაკატასტროფის გამოძიება, რომელშიც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა. "ეს არ არის იოლად გამოსაძიებელი ინციდენტი", - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

"გამოძიება მიმდინარეობს", ამიტომ ნაადრევია რაიმე კომენტარის გაკეთება, დასძინა მან.

მანამდე პესკოვმა პრიგოჟინის ავიაკატასტროფის ერთ-ერთ მთავარ ვერსიას "მიზანმიმართული ბოროტება" უწოდა.

ბრაზილიური წარმოების კერძო თვითმფრინავი Embraer-135, რომლითაც „ვაგნერის“ დამფუძნებელი სარგებლობდა, 23 აგვისტოს ჩამოვარდა ტვერის რეგიონში. ავიაკატასტროფას შეეწირა თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ თვითმფრინავში აფეთქება მოხდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავარიის ზონაში შესაძლოა გაშვებული ყოფილიყო საზენიტო რაკეტაც.

თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი დადგენილი არ არის.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 25 აგვისტოს თვითმფრინავის ჩამოვარდნას "ტრაგიკული" უწოდა და თქვა, რომ "აბსოლუტური სიცრუეა" ვარაუდები კატასტროფის განზრახ გამოწვევის თაობაზე.

მიმდინარე წლის 23-24 ივნისს 62 წლის პრიგოჟინი სათავეში ედგა მოკლევადიან ამბოხებას რუსეთის არმიის ლიდერების წინააღმდეგ. მისმა მებრძოლებმა მცირე ხნით დაიკავეს სამხრეთის ქალაქი, დონის როსტოვი და მოსკოვზე მსვლელობა დაიწყეს, თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის გადაყენების მოთხოვნებით.

ეს ამბოხება იყო ყველაზე სერიოზული გამოწვევა, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეჰქმნია თავისი ორ ათწლეულზე ხანგრძლივი მმართველობის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG