Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სირცხვილი“ - გააპროტესტეს რუსი სოპრანოს ბერლინის ოპერის სცენაზე დაბრუნება


ანა ნეტრებკო
ანა ნეტრებკო

15 სექტემბერს, ბერლინის ოპერის თეატრის წინ 150-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა, სადაც უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველად, რუსმა სოპრანომ ანა ნეტრებკომ ლედი მაკბეტის როლი შეასრულა.

აქტივისტებმა უკრაინის დროშებთან ერთად ოპერის თეატრის წინ გაშალეს პლაკატი, სადაც ნეტრებკოს ფოტო გადაღებული იყო წითელი საღებავით, როგორც სისხლის სიმბოლო და სკანდირებდნენ - „სირცხვილი“.

მანამდე, ნეტრებკოს გამოსვლის გამო, ბერლინის მერმა და უკრაინის საელჩომ გერმანიაში გააკრიტიკეს ბერლინის ოპერის თეატრის ხელმძღვანელობა.

ბერლინის მერმა, კაი ვაგნერმა განაცხადა, რომ ის „ძალიან კრიტიკულად“ უყურებს მომღერლის ბერლინის სცენაზე დაბრუნებას და გამოხატა წუხილი, რომ ასეთი წარმატებული მომღერალი „ჯერაც ვერ გაემიჯნა მკაფიოდ რუსეთის მიერ წარმოებულ აგრესიულ ომსა და პუტინს“.

ბერლინის სცენაზე ნეტრებკოს მიერ ლედი მაკბეტის როლის შესრულებამდე რამდენიმე კვირით ადრე, 37 ათასამდე ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, რათა მისი როლი სხვა მომღერლისთვის გადაეცათ.

ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი მატიას შულცი, ბერლინის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ „არ შეიძლება არტისტებისგან განტევების ვაცის შექმნა“.

გერმანულმა თეატრებმა ნეტრებკოსთან თანამშრომლობა შეწყვიტეს მომღერლის რუსეთის ხელისუფლებასთან სიახლოვის გამო. ნეტრებკო პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი იყო რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში.

თუმცა, ამჯერად, ბერლინის ოპერის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ მომღერალს დიდი ხანია არ ჰქონია გასტროლები რუსეთის მასშტაბით და მასთან თანამშრომლობის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

15 სექტემბერსვე უკრაინამ გააპროტესტა ბერლინის ოპერის თეატრის გადაწყვეტილება, სცენაზე დააბრუნოს რუსი სოპრანო ანა ნეტრებკო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობას აკისრებს ნეტრებკოსაც, როგორც პუტინის ყოფილ ნდობით აღჭურვილ პირს და ჯერ კიდევ 2014 წლიდან, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპაციასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული კამპანიის მონაწილეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გერმანიაში უკრაინის ხმა ყოველთვის უფრო მეტად უნდა ისმოდეს, ვიდრე ანა ნეტრებკოს სოპრანო.

2023 წლის აგვისტოში, პრაღაში გაუქმდა ანა ნეტრებკოს კონცერტი. რუს სოპრანოსთან თანამშრომლობა შეწყვიტა ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერამ“, რომელსაც ნეტრებკომ სასამართლოში უჩივლა.

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სოპრანოს, რომელიც დიდი ხანია ავსტრიაში ცხოვრობს, სხვადასხვა თეატრთან პრობლემები უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე შეექმნა. 2022 წლის მარტში ნეტრებკომ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ ომს გმობს და რუსეთის ხელისუფლებაში არავის მოკავშირე არ არის.

2014 წელს ნეტრებკომ დიდი თანხა გადაურიცხა რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოპერის თეატრს და ადგილობრივ სეპარატისტებთან ერთად ფოტო გადაიღო ე.წ. ნოვოროსიის დროშის ფონზე.

XS
SM
MD
LG