Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანული დაზვერვა: რუსეთმა შეივსო ფრთოსანი რაკეტების მარაგი, რომელიც უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს ბომბავს

სარაკეტო იერიში კიევში. 2022 წ. ოქტომბერი.
სარაკეტო იერიში კიევში. 2022 წ. ოქტომბერი.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო მორიგ ყოველდღიურ ანგარიშში იტყობინება, რომ ამ ზამთარს, რუსეთი, დიდი ალბათობით, კვლავ დაბომბავს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.

2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, რუსეთი პერიოდულად ახორციელებდა დარტყმებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მისამართით. დარტყმები უმეტესად ხორციელდებოდა ფრთოსანი რაკეტებით, თანამედროვე AS-23a KODIAK-ით, რუსეთის ტერიტორიის სიღრმიდან.

ინფორმაცია ღია წყაროებიდან მოწმობს, რომ 2023 წლის აპრილიდან ფრთოსან რაკეტებზე გაწეული ხარჯი შემცირდა, მაშინ, როდესაც მანამდე, რუსეთის ხელისუფლება წარმოების გაზრდის შესახებ ლაპარაკობდა.

ბრიტანული დაზვერვის ვარაუდით, ამ გზით, რუსეთმა შეძლო ფრთოსანი რაკეტების მნიშვნელოვანი მარაგის შექმნა.

13 სექტემბერს, უკრაინის ენერგეტიკის სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენელმა, „უკრენერჰოს“ ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ კუდრიცკიმ, განაცხადა, რომ უკრაინამ თითქმის დაასრულა თავისი ენერგოსისტემის რემონტი, მას შემდეგ, რაც გასულ ზამთარში რუსეთმა დარტყმები მიაყენა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, და ის მზადაა ზამთრის შესახვედრად.

„დავაყენეთ ყველა დაგეგმილი მოწყობილობა და მზად ვართ ზამთრის დატვირთვისთვის“, - განუცხადა ეროვნულ ტელევიზიას სახელმწიფო ენერგეტიკული ქსელის ოპერატორის, „უკრენერჰოს“ ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ კუდრიცკიმ.

რუსეთი ზამთარში გამიზნულად ახორციელებდა რაკეტებითა და დრონებით იერიშებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რის შედეგადაც ქვეყნის მასშტაბით გეგმურად თიშავდნენ ხოლმე დენს ელექტროენერგიის ეკონომიისთვის. ამის გამო ქალაქებსა და დაბებს საათობით უწევდათ სიბნელეში ყოფნა.

კუდრიცკის თქმით, ამ ზამთარშიც არსებობს იმის „მაღალი რისკი“, რომ ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის წინააღმდეგ ახალი იერიშები განხორციელდება, მაგრამ უკრაინის საჰაერო თავდაცვა ამჟამად ბევრად უფრო მძლავრია შარშანდელთან შედარებით.

კუდრიცკიმ თქვა, რომ ენერგოსისტემის სწრაფმა რემონტმა და დასავლელი პარტნიორების მიერ გამოგზავნილმა აღჭურვილობამ შესაძლებელი გახდა ამ სექტორში ვითარების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

XS
SM
MD
LG