Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მთავრობამ გადაგვაგდო“ - დედოფლისწყაროში მეხორბლე ფერმერების აქცია გაიმართა


მეხორბლეების აქცია დედოფლისწყაროში, 16 სექტემბერი
მეხორბლეების აქცია დედოფლისწყაროში, 16 სექტემბერი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში, მეხორბლე ფერმერების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ერთი კილოგრამი ხორბლის გასაყიდი ფასი 40 თეთრია, მაშინ როცა მოყვანა 70 თეთრამდე დაუჯდათ:

„მეხორბლეების 80 პროცენტს შარშანდელი და წლევანდელი მოსავალი გასაყიდი გვაქვს, ვერ ვყიდით იმიტომ, რომ დაბალი ფასი აქვს და თვითღირებულებასაც ვერ ანაზღაურებს. ჩვენ აქციები ადრეც გვქონდა, მაშინ დაგვპირდნენ, რომ დაგვეხმარებოდნენ. ისიც გვითხრეს, თითქოს წისქვილები ხორბალს 70 თეთრად ჩაიბარებდნენ, მაგრამ გადაგვაგდეს... არაფერი არ შეცვლილა, პირიქით, ფასმა კიდევ დაიკლო. რუსეთიდან შემოდის დიდი რაოდენობით ხორბალი, ფქვილი, ქერი... თუ საჭიროა, მუხლის ჩოქებზეც დავდგებით. საზღვარს თუ ვერ დაკეტავენ, ისეთი გადასახადი მაინც დაადონ მარცვლეულის შემოტანაზე, რომ ჩვენი მოსავლის ფასმა აიწიოს. ჩვენ არ ვითხოვთ, რომ მოგება დაგვრჩეს, გვინდა თავის ფასში მაინც გავყიდოთ“, - ამბობს მეხორბლე ფერმერი სპარტაკ წიკლაური.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდა, პურის ბეღელად წოდებულ შირაქში წელს ხორბალს, ფაქტობრივად, აღარავინ დათესავს.

„თითქმის ყველა მეხორბლეს უჭირს, რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ? აღარ დავთესავთ და მერე კიდევ უფრო მეტად გაგვიჭირდება. ამ მხარეში ხორბლის მეტი ფაქტობრივად არაფერი მოდის. წელს მიწები ალბათ ცარიელი დარჩებაო“, - ამბობს ზემოქედელი რევაზ კიკაბიძე.

მეხორბლე ფერმერებმა წელს საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართეს. ხელისუფლებისგან მოითხოვეს, საქართველოში შემოტანილ ფქვილზე საიმპორტო, იგივე საბაჟო გადასახადი დაწესებულიყო.

როგორც ფერმერები ამბობდნენ, ეს მათ საშუალებას მისცემდა, რომ ხორბლის გასული წლის მარაგები საქართველოში სასურველ ფასად გაეყიდათ. მთავრობამ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2023 წლის 12 ივნისიდან იმპორტირებულ ფქვილზე საბაჟო გადასახადი დააწესა. ერთ ტონა ფქვილზე - 200 ლარი, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბრამდე იმოქმედებს. თუმცა, მეხორბლეები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ შედეგი ვერ გამოიღო.

ფერმერები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას და პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასშტაბურ აქციებს გეგმავენ.

XS
SM
MD
LG