„დენისოვს ძალიან ირიბი ურთიერთობა აქვს ჟურნალისტიკასთან და, სავარაუდოდ, არის სპეციალური სამსახურის 72-ე ცენტრის (სამხედრო ნაწილი N54777) ოფიცერი, რომელიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ინტერესების ფარგლებში, ეწევა უცხოური აუდიტორიის დეზინფორმაციას“, - აცხადებს Insider-ი.
რუსეთის მოქალაქე, 56 წლის ვიტალი დენისოვი მიჩნეულ იქნა არასასურველ პირად და 10 წლით აეკრძალა მოლდოვის ტერიტორიაზე შესვლა.
გამოძიების თანახმად, დენისოვი დაიბადა იმდროინდელი უკრაინის სსრ-ის ამიერკარპატების რეგიონში, საბჭოთა პერიოდში სწავლობდა ლვოვის უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ სკოლაში. მოსკოვში იყო თავდაცვის სამინისტროს მთავარი ბეჭდვითი ორგანოს - გაზეთ „კრასნაია ზვეზდას“ - თანამშრომელი, 2005 წელს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო უწყებრივი ბინა, ხოლო 2013 წლის მონაცემებით, მუშაობდა მოსკოვის ოლქის მთავარ საგამოძიებო სამმართველოში.
The Insider-ის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით, დენისოვი საგამოძიებო სამმართველოდან გადავიდა სპეციალური სამსახურის 72-ე ცენტრში, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავებულია უცხოური აუდიტორიისათვის ყალბი ინფორმაციის გავრცელებით. ასევე ამტკიცებენ, რომ 2016 წელს დენისოვს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 2019 წლიდან ის ხელმძღვანელობდა Sputnik-ს ცხინვალის რეგიონში - რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, შემდეგ აზერბაიჯანში, ხოლო 2022 წლიდან - მოლდოვაში.
დენისოვი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა, როგორც მოლდოვის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველ პირს. მოსკოვმა პროტესტი გამოთქვა მისი გაძევების გამო.
"ეს არ არის ერთჯერადი აქცია, არამედ მოლდოვის ამჟამინდელი ხელისუფლების "დემოკრატიის" კონცეფციისადმი არაადეკვატური დამოკიდებულების ჯაჭვის კიდევ ერთი რგოლია. მათ არ ესმით, რა არის ადამიანის უფლებები, სიტყვისა და ჟურნალისტების თავისუფლება", – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
2023 წლის ივლისსა და აგვისტოში მოლდოვამ 45 რუსი დიპლომატი და საელჩოს თანამშრომელი გააძევა, როგორც განმარტეს, „მოსკოვის მცდელობების გამო, მოეხდინა ქვეყნის „დესტაბილიზაცია“. გაძევებას წინ უძღოდა გამოძიება, რომელშიც ნათქვამია, რომ კიშინიოვში რუსეთის საელჩოს სახურავზე დამონტაჟებული ანტენებით ისმინებოდა სატელეფონო საუბრები.