თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ორი ადამიანის მკვლელობის საქმეზე კომენტარი გააკეთა ბაჩო კვარაცხელიამ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსმა.
საგამოძიებო სამსახურის ვერსიით, შსს-ს თანამშრომელმა ყოფილ ცოლსა და სიდედრს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა მისი ყოფილი მეუღლის და სიდედრის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღით განახორციელა გასროლა, რის შემდეგაც თავის არეში მიიყენა თვითდაზიანება. იგი ამჟამად გადაყვანილია სამედიცინო კლინიკაში", - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემთხვევის ადგილზე ამწუთას ატარებს საპროცესო მოქმედებას.
„ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე ტარდება ყველა საჭირო და აუცილებელი საპროცესო მოქმედება, რაც შეეხება დამატებით დეტალებს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საზოგადოებას დამატებით დეტალებს მივაწვდით", - თქვა კვარაცხელიამ.
შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა კაცს შემაკავებელი ორდერი გამოწერილი, კვარაცხელია პასუხობს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ყველა ფაქტი მოწმდება და საზოგადოებას ყველა კითხვაზე გაეცემა პასუხი.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ დაღუპულის არასრულწლოვანი შვილები და ასევე ერთ-ერთი პირი შეესწრო მომხდარ ფაქტს.