Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი „სოლიდარობას უცხადებს" რუსეთს და ენდობა პუტინის სიტყვებს


არქივის ფოტო: თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარცხნივ), რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
არქივის ფოტო: თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი (მარცხნივ), რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ ეკონომიკური მოსაზრებების გამო სოლიდარობას უცხადებს რუსეთს და ასევე ენდობა უკრაინის წინააღმდეგ ომის "სწრაფი შეწყვეტის" შესახებ რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის სიტყვებს.

ამის შესახებ ერდოანმა განაცხადა ამერიკულ საზოგადოებრივ მაუწყებელთან (PBS) ინტერვიუში.

"ჩვენ ბუნებრივი აირის ნახევარს რუსეთიდან ვიღებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ სოლიდარულები ვართ. ჩვენ ორმხრივ ნაბიჯებს ვდგამთ სამომავლოდ და თავდაცვის ინდუსტრიაშიც ვთანამშრომლობთ. ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი რუსეთთან ერთად ვაკეთოთ", - განაცხადა ერდოანმა.

მას ასევე სჯერა, რომ უკრაინაში ომი დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ "პუტინი რეალურად ემხრობა იმას, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს."

ჟურნალისტ ამნა ნავაზის კომენტარზე, რომ "ამაზე არ მიუთითებს არაფერი, რაც ბრძოლის ველზე ჩანს“, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის უბრალოდ ითვალისწინებს ლიდერის (რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გულისხმობს) სიტყვებს.

"და ბატონი პუტინი ამ ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მომხრეა. ეს არის ის, რაც მან თქვა. და მე მჯერა მისი სიტყვების", - განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა.

ნატოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, უკრაინაში შეჭრის გამო თურქეთი რუსეთს არ უწესებს სანქციებს. მაგალითად, წელს თურქეთში ექსპორტზე გავიდა 14,3 მილიონი დოლარის ღირებულების ქვანახშირი, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებზე იქნა მოპოვებული.

XS
SM
MD
LG