Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაბაღში უარყოფენ თბილისი-ბაქოს რეისზე GPS სისტემისთვის ხელშეშლას


ფოტო არქივიდან: ავიაკომპანია AZAL-ის თვითმფრინავი
ფოტო არქივიდან: ავიაკომპანია AZAL-ის თვითმფრინავი

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „სომხეთის უკანონო შეიარაღებულმა ფორმირებამ თბილისი-ბაქოს ავიარეისზე რადიოსიხშირული ჩარევა განახორციელა“.

აზერბაიჯანის მიერ გავრცელებული ცნობით, შემთხვევა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც დროებით განთავსებულია რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი. „კიდევ ერთხელ გამოიყენეს რადიოსიხშირული ჩარევა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცეში მყოფი სამგზავრო თვითმფრინავების სატელიტური სანავიგაციო სისტემების GPS-ის მიმართ", - აცხადებს ბაქო.

„18 სექტემბერს, 20:28 საათიდან 20:34 საათამდე, რადიოტალღური ჩარევის გამოყენების შედეგად, აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) E-190 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავზე, რომელიც თბილისი-ბაქოს მარშრუტზე ასრულებდა რეისს, GPS ნავიგაციის სისტემაში შეფერხება მოხდა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბაქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „სრულ სიცრუეს“ უწოდებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო. უწყების ცნობით, ამ მარშრუტზე რეისის განხორციელებისას თვითმფრინავები ყარაბაღის თავზე არ დაფრინავენ.

„მსგავსი ცრუ განცხადებების სისტემატური გავრცელებით აზერბაიჯანი ცდილობს, გადაიტანოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადით გამოწვეული ჰუმანიტარული კატასტროფისგან და მოამზადოს საინფორმაციო ბაზა მორიგი პროვოკაციისთვის“, - ნათქვამია დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გასული წლის ბოლოდან ლაჩინი ფაქტობრივად დაბლოკილი იყო აზერბაიჯანელი აქტივისტების მიერ. 15 ივნისიდან ლაჩინის დერეფანი აზერბაიჯანელი სამხედროების კონტროლქვეშაა. ამასთან, აზერბაიჯანი უარყოფს ბრალდებებს ბლოკადის შესახებ და აცხადებს, რომ მისი მიზანია, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმავალ ტვირთებზე კონტროლის მიღწევა. ბაქომ ერევანი დაადანაშაულა სომხური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურეების გადაყვანაში, იარაღისა და საბრძოლო მასალის შეტანაში და აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ბუნებრივი რესურსებისა და კულტურული ფასეულობების უკანონო გამოზიდვაში. მთიანი ყარაბაღიდან იტყობინებიან სურსათის, საწვავის და მედიკამენტების ნაკლებობის შესახებ.

როგორც რადიო თავისუფლებისთვის გახდა ცნობილი, ქართულ მხარეს შეტყობინება არ მიუღია.

XS
SM
MD
LG