Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაბაღელი სომხები ცეცხლის შეწყვეტის პირობებს დასთანხმდნენ


საბრძოლო მოქმედების შედეგად დაზიანებული სახლი სტეფანაკერტში. 19 სექტემბერი. 2023 წელი
საბრძოლო მოქმედების შედეგად დაზიანებული სახლი სტეფანაკერტში. 19 სექტემბერი. 2023 წელი

Reuters-ი იტყობინება, რომ სომხების სეპარატისტული ძალები მთიან ყარაბაღში დასთანხმდნენ პირობებს, რომლებიც ბრძოლის ველზე აზერბაიჯანის არმიასთან წარუმატებლობის შემდეგ შესთავაზეს რუსეთის სამშვიდობო ძალებმა.

განცხადებაში, რომელიც ფეისბუკით გავრცელდა, ნათქვამია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შედის ადგილობრივი დროით 13:00 საათზე და ნიშნავს იმას, რომ სეპარატისტული ძალები დაიშლება და განიარაღდება.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ყარაბაღიდან გაყვანილი იქნება სომხური ძალები, 21 სექტემბერს ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას შორის გაიმართება მოლაპარაკება რეგიონის, იქ მცხოვრები ეთნიკური სომხების მომავლის შესახებ.

ბაქომ მოითხოვა, რომ სეპარატისტული ხელისუფლება ყარაბაღში ასევე დაიშალოს რეგიონის მომავლის შესახებ მოლაპარაკებამდე. აზერბაიჯანს სურს მთიანი ყარაბაღის სრული ინტეგრაცია აზერბაიჯანში.

აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს დაიწყო საბრძოლო ოპერაცია მთიან ყარაბაღში. 20 სექტემბერს ბრძოლები გრძელდებოდა. 21 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე განიხილავს რეგიონში შექმნილ ვითარებას.

20 სექტემბრის დილას გამოქვეყნებული მონაცემებით, დაღუპულია 7 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 2 ბავშვი და 20-ზე მეტი სამხედრო პირი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 19 სექტემბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები“, რომელთა მიზანია „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღკვეთა, იქ მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების განიარაღება და გაყვანა, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალება, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის, აღდგენით სამუშაოებში ჩართული სამოქალაქო პირების და სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის აღდგენა“.

XS
SM
MD
LG