დღეს დილით რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მიიტანა მასირებული სარაკეტო იერიში. თავდასხმის გამო ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა. აფეთქებები მოხდა უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ჩერკასის, ხმელნიცკის, ხარკოვის, ლვოვის და როვნოს ოლქებში.
წინასწარი მონაცემებით, კიევში დაიჭრა 7 ადამიანი. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსული რაკეტის ნამსხვრევებმა დააზიანა გაზის მილი. კიევის სხვადასხვა რაიონში დაზიანებულია რამდენიმე შენობა. ზოგიერთ უბანს წყლის და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 2 ადამიანი. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ ადგილობრივი დროით დილის 5 საათისთვის გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების Ту-95МС ტიპის თვითმფრინავებიდან მოსალოდნელია ფრთოსანი რაკეტებით შეტევა და მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. უკრაინის ტერიტორიაზე გამოცხადებული საჰაერო განგაში დილის 7 საათისთვის შეწყდა.