Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსის ყოფილმა სპეცრაზმელმა ქვეყანაში "სიკვდილის ესკადრონის" არსებობის შესახებ განაცხადა

საპროტესტო აქცია მინსკში. 20 ოქტომბერი, 2020 წ.
საპროტესტო აქცია მინსკში. 20 ოქტომბერი, 2020 წ.

ბელარუსის სწრაფი რეაგირების შერეული რაზმის (SOBR) ყოფილმა მებრძოლმა იური გარავსკიმ ჩვენება მისცა შვეიცარიის სასამართლოში, სადაც ისაუბრა ე.წ. "სიკვდილის ესკადრონზე“, სპეციალურ დანაყოფზე, რომელიც ლუკაშენკას რეჟიმის კრიტიკოსების გატაცებებით და მკვლელობებითაა დაკავებული.

BBC-ის რუსული სამსახური აღნიშნავს, რომ ეს ჩვენება არის პირველი ოფიციალური დადასტურება ბელარუსის უსაფრთხოების ძალების დანაშაულში მონაწილეობის შესახებ.

გარავსკის მოთხრობის თანახმად, 1999 წელს მან პირადად დააკავა ორი ცნობილი ბელარუსი ოპოზიციონერი, ვიქტორ გონჩარი და იური ზახარენკო, ასევე ბიზნესმენი ანატოლი კრასოვსკი. სამივე შემდეგ გაუჩინარდა.

მათ გაუჩინარებაზე ბელარუსის ხელისუფლების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ შედეგი არ გამოიღო. გარავსკიმ დაადასტურა ის, რასაც ბელარუსი ოპოზიციონერები ამბობენ ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რომ რეჟიმის სამივე ოპონენტი მოკლულია.

სასამართლოში ყოფილმა სპეცრაზმელმა დაასახელა იმ პირის სახელი, რომელმაც პირადად ესროლა პისტოლეტიდან გონჩარს, ზახარენკოს და კრასოვსკის. ეს პირი არის SOBR-ის მეთაური დიმიტრი პავლიჩენკო. თავად გარავსკი, მისი თქმით, მონაწილეობდა მხოლოდ ოპოზიციონერების დაკავებაში და მინსკიდან გაყვანაში იმ ადგილზე, სადაც საბოლოოდ დახოცეს.

SOBR-ის მეთაური დიმიტრი პავლიჩენკო, რომლის წინააღმდეგაც იური გარავსკიმ ჩვენება მისცა, ოცხმოცდაათიან წლებში გადადგა, მაგრამ 2020 წელს, ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს, იგი შენიშნეს იმ სპეცრაზმის მეთაურის როლში, რომელიც დემონსტრანტებს არბევდა.

XS
SM
MD
LG