Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში საპროტესტო აქციის 80-ზე მეტი მონაწილე დააკავეს


დემონსტრანტების დაკავება ერევნის ცენტრში. 22 სექტემბერი, 2023.
დემონსტრანტების დაკავება ერევნის ცენტრში. 22 სექტემბერი, 2023.

პარასკევს ერევნის ქუჩებში გამართულ საპროტესტო აქციებზე 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დემონსტრანტები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. ისინი შეეცადნენ მთავრობის შენობის შესასვლელის გადაკეტვას, რათა დეპუტატები და სახელმწიფო მოხელეები არ გაეტარებინათ.

დაკავებულთა შორის არის სომხეთის მეორე პრეზიდენტის, ლევონ ქოჩარიანის ვაჟი. მისი ადვოკატის თქმით, დაკავებისას ქოჩარიანს პოლიციამ სცემა, ის საავადმყოფოში წაიყვანეს. ასევე დააკავეს აქციის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი ოპოზიციონერი დეპუტატი ანდრანიკ თევანიანი, რომელიც უკვე გამოუშვეს პოლიციის განყოფილებიდან.

ერევანში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება. გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთის მთავრობა მთიან ყარაბაღში (სომხური სახელწოდება - არცახი) ზავზე დათანხმდა აზერბაიჯანის პირობებით. ამ პირობებში არაღიარებულ რესპუბლიკას ჩამოერთვა ავტონომია და აზერბაიჯანის სრული კონტროლის ქვეშ მოექცა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და მთიანი ყარაბაღისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას.

გუშინ აქციაზე ოპოზიცია გამოვიდა მოწოდებით, დღეს დილიდანვე გადაეკეტათ ერევნის ქუჩები და ეს გაეკეთებინათ მანამდე, სანამ ფაშინიანი ხელისუფლებას ჩამოშორდება. „გარწმუნებთ, დისციპლინირებული და ერთობლივი ძალისხმევით ეს მოხდება ძალიან მოკლე დროში, რამდენიმე დღეშიც კი“, - განაცხადა ანდრანიკ თევანიანმა.

საპროტესტო აქციას შეუერთდნენ მრავალი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები და პედაგოგები (მათ გაფიცვა გამოაცხადეს): ერევნის სამედიცინო უნივერსიტეტის, სომხურ-რუსული უნივერსიტეტის, სომხეთში ფრანგული უნივერსიტეტის, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერევნის ფილიალის, ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის, ბრიუსოვის სახელობის უნივერსიტეტისა.

XS
SM
MD
LG