Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გომელაურის თქმით, შოვში ღამით თანამედროვე ვერტმფრენით ფრენაც არ იქნებოდა უსაფრთხო


შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შოვში სტიქიის დღეს, ღამით, სამაშველო ოპერაცია თანამედროვე ვერტმფრენითაც არ იქნებოდა უსაფრთხო. ამასთან, აღნიშნა, რომ ვერტმფრენი „მი-8", რომელიც შსს-ს ბალანსზეა, გამოიყენება ძებნა-გადარჩენისა და სამაშველო ოპერაციებში.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში როგორი თანამედროვე ვერტმფრენიც არ უნდა ჰყოლოდა სახელმწიფოს, მსგავსიც კი, როგორსაც ველოდებით, ღამით ფრენა ამ რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო და გადარჩენილი ადამიანების და სამაშველო ოპერაციაში მონაწილე პირების უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებდით და ევაკუაციას არ განვახორციელებდით. ვერტმფრენი „მი–8“ გამოიყენება ძებნა-გადარჩენისა და სამაშველო ოპერაციებში. აღნიშნულ შვეულმფრენებს, დიახ, აქვს სპეციალური სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა და შეუძლია ღამის პირობებში ფრენა. გარდა აღნიშნულისა, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციაში მუშაობენ საუკეთესო, მაღალი დონის პროფესიონალი მფრინავები და ბორტტექნიკოსები, რომლებიც წელიწადში ორჯერ გადიან სპეციალურ გადამზადებას“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ იყო ტრაგიკული გამოცდილება, როდესაც პილოტებმა გარისკეს საკუთარი სიცოცხლე სამაშველო ღონისძიებების დროს.

„სამწუხაროდ, უახლოეს წარსულში გვაქვს ტრაგიკული გამოცდილება, როდესაც პილოტებმა გარისკეს საკუთარი სიცოცხლე სამაშველო ღონისძიებების დროს. როგორც ყველასთვის ცნობილია, შექმნილი იყო ადგილობრივი საგანგებო შტაბი და მოქმედებდა დამატებით ცხელი ხაზი დაკარგული პირების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით", - თქვა გომელაურმა. მან დაამატა, რომ 4 აგვისტოს, დაახლოებით დილის 06:00 საათიდან, სამაშველო ოპერაციაში კვლავ ჩაერთო ავიაცია.

3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. 4 აგვისტოს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო ჯარი.

შოვში მეწყრული პროცესების შედეგად დაიღუპა 32 ადამიანი, ერთი დაკარგულის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ.

XS
SM
MD
LG