Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ზეპირი მოსმენით განიხილავს


ბათუმი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.
ბათუმი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.

ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და „ქართული ოცნების" სულ 80 წევრის კონსტიტუციური წარდგინებას პლენუმი ზეპირი მოსმენით განიხილავენ. საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის შესაძლო დარღვევის შესახებ წარდგინება.

„საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ზეპირი მოსმენით, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით", - დაადგინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევას ედავებიან. საქმე ეხება, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, გერმანიაში, ბრიუსელსა და საფრანგეთში ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტებს.

„კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს მთავრობას ანიჭებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიც, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განხორციელება და სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეუძლია. წარდგინებაში ყურადღება გამახვილებულია იმაზეც, რომ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული საგარეო-პოლიტიკური ამოცანების შესრულებაში მონაწილეობაც საქართველოს პრეზიდენტს, ისევე როგორც ყველა სხვა კონსტიტუციურ ორგანოს, მხოლოდ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ანუ მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეუძლია", - ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერში.

„ქართული ოცნების" დეპუტატები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები განახორციელა და საერთაშორისო მოლაპარაკებები აწარმოვა მთავრობის თანხმობის გარეშე. შესაბამისად, მან იმოქმედა კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ და სამივე ზემოხსენებულ შემთხვევაში, განზრახ და უხეშად დაარღვია ის. ისინი მოითხოვენ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დასკვნით დაადასტუროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევა.

კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტები და აუდიოჩანაწერები.

საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, რომლის შემადგენლობაშიც არიან არიან:

  • მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
  • ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
  • გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
  • ირინე იმერლიშვილი – წევრი;
  • გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
  • ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
  • მანანა კობახიძე – წევრი;
  • ვასილ როინიშვილი – წევრი;
  • თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის შემდეგ, თუ მოსამართლეები კონსტიტუციის დარღვევას დაადგენენ, პარლამენტში გაიმართება კენჭისყრა, რომელზეც 100 დეპუტატის ხმაა საჭირო პრეზიდენტის გადასაყენებლად.

საპარლამენტო უმრავლესობას სრული მობილიზების შემთხვევაშიც კი მხოლოდ 84 ხმა ექნება, ამიტომ მას ერთი ან რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა დასჭირდება პრეზიდენტის გადასაყენებლად.

XS
SM
MD
LG